ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარის, გიგი გიგიაძის განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე რეალურია.
როგორც გიგი გიგიაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ის დასავლეთისა და ევროკავშირის განწყობებს ასახავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, თუ რას აქვს ჩალის ფასი - ესაა „ქართული ოცნების“ დაპირებები, რომლებსაც უკვე ორი წელია ქართული მოსახლეობა ისმენს. ჩვენ ერთი წლის წინ მათი პირობა მოვისმინეთ, რომ ე.წ რუსული კანონი აღარ შემობრუნდებოდა უკან და აღარ გახდებოდა განხილვის საგანი, თუმცა მისი ლობირება და განხილვა მაინც გრძელდება.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც თავს უყრის ყველა იმ განცხადებას და მოწოდებას, რომლებსაც ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან უკვე ერთი კვირაა ვისმენთ. ესაა ძალიან მკაფიოდ გამოხატული ის რეალობა, თუ როგორ აღიქვამს ამას ევროკავშირი და ევროპარლამენტი და ძალიან სავალალო მდგომარეობაა. ძალიან ბევრი უკვე არსებული ფორმატი, მათ შორის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი შესაძლოა, აღმოჩნდეს შეჩერების საფრთხის ქვეშ და ეს იქნება უკიდურესად ნეგატიური განვითარება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ჭრილში. ეს მნიშვნელოვნად დააზიანებს ჩვენს ევროპულ ტრაექტორიას და შეაჩერებს ევროპულ სვლას.
ესაა სრულიად რეალური საფრთხეა, რადგან გუშინ მიღებულ რეზოლუციაში მოწოდებაა ევროკავშირის კომისიისადმი, რომ მოხდეს გარკვეული საკითხების მიხედვით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის გადახედვა და აქ იგულისხმება ფუნდამენტური უფლებები. ეს იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესისა”, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს წარსულში ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პრეცედენტი რამდენიმე ქვეყნის მიმართ უკვე ფიქსირდება. ამასთან, EPRC-ის უფროსი მკვლევარი აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება და ამ მექანიზმის ამოქმედება შესაძლოა, კვალიფიციური უმრავლესობის ანუ 15 ქვეყნის თანხმობითაც მოხდეს.
გიგი გიგიაძის თქმით, ე.წ. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ასევე მოსალოდნელია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი არ დაიწყება.
„რასაც ჩვენ ვისმენთ მეორე დღეა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, ესაა ცალსახა ტყუილი და საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არსებული რეგულაციის თანახმად, პროცესი შეიძლება დაძრას ან ევროკავშირის რომელიმე წევრმა ქვეყანამ ან თავად ევროკავშირის კომისიამ. ამის შემდეგ მექანიზმის შეჩერებას კვალიფიციური უმრავლესობის, ანუ 27-დან 15 წევრის თანხმობა სჭირდება. შესაბამისად, მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობა სჭირდება იმას, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეჩერდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეს იქნება უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ჩვენ უახლოეს პერიოდში რეალურად დაგვემუქროს.
ამ მიმართულებით უახლოეს წარსულში ორი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ევროკავშირმა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ერთი ეს იყო ალბანეთთან და მეორე ვანუატუსთან. შეჩერების მექანიზმი მდგომარეობს შემდეგში - ის ჩერდება ჯერ 9 თვით, ამას ემატება 18 თვე და საერთო ჯამში შეიძლება 27 თვე გაგრძელდეს. ასევე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, საქართველო ვერანაირად ვერ გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან“, - აღნიშნა გიგი გიგიაძემ.
ცნობისთვის, 25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.