„ეს ცალსახად რუსული სულისკვეთებით გამსჭვალული კანონია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას და სტიგმატიზებას“, - ასე აფასებს EPRC-ის უფროსი მკვლევარი მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში ხელახლა ინიცირებულ კანონს.
როგორც გიგი გიგიაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეფერხდება, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს მსგავსი ორგანიზაციების ბენეფიციარებზეც.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს საბოლოოდ მაინც მიიღებს.
„ამ კანონის მიღება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება მოხდება და იმ იარლიყის მიწებება, რომ ისინი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან. ამას, რა თქმა უნდა, არცერთი თავმოყვარე არასამთავრობო ორგანიზაცია ვერაფრით ვერ დაეთანხმება. ხელისუფლება ამ კანონის შემოტანით ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება და მოახდინოს მათი სტიგმატიზაცია. ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, როგორც მოქალაქეებზე, ასევე მეწარმეებზე, რომლებიც სხვადასხვა დახმარებას იღებენ სწორედ მსგავსი სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან. მათ უკვე ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
გამჭვირვალობის კუთხით ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან რეალურად ყველა ეს ორგანიზაცია საკმაოდ გამჭვირვალედ, სრულიად ღიად აფიქსირებს საკუთარ ხარჯებს. ამიტომ ეს ცალსახად რუსული სულისკვეთებით გამსჭვალული კანონია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას და სტიგმატიზებას“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ცნობისთვის, 29 აპრილს პარლამენტში „რუსული კანონის“ განხილვა გაგრძელდება. პარლამენტში 09:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგშიც შეტანილია „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვა.
კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.