ე.წ „რუსული კანონის“ პირველი ეფექტები უკვე სახეზეა - კანონის მიღების შემდეგ დონორების ნაწილმა საქართველოში პროექტების დაფინანსება შეაჩერა. ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსების ძირითადი წყარო სწორედ დონორული დაფინანსებაა, გაჩერების რისკის წინაშე დგანან. ზოგიერთი ორგანიზაციის შემთხვევაში პარტნიორებმა პროექტები დროზე ადრე დაასრულეს და ახალი პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი, bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პროექტები, რომლებიც დონორების მხარდაჭერით უნდა გაგრძელებულიყო, დაპაუზებულია, რადგან რუსული კანონის პირობებში არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე, დონორი ორგანიზაციები პროექტებს საქართველოში ვერ გეგმავენ.
„გვქონდა პროექტი, რომელიც დასრულდა. გვქონდა მოლოდინი, რომ უნდა გაგრძელებულიყო შემოდგომიდან, მაგრამ ჩვენმა დონორმა არ იცის, როგორი იქნება ზოგადი გარემო და ვერ გეგმავს ამ პროექტების გაგრძელებას.
რამდენიმე ასეთი პროექტია, რომელიც პირველ რიგში უნდა მომსახურებოდა გარკვეულად სახელმწიფო ინტერესებს. მაგალითად, მათ შორის შრომის ინსპექციის გაძლიერებას, ასევე შრომისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოების გაძლიერებას. გვქონდა ასეთი პროექტი, რომელიც ორიენტირებული უნდა ყოფილიყო შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე და მათ შორის კერძო სექტორთანაც შეიძლებოდა ყოფილიყო თანამშრომლობა, ანუ იყო პროექტები, რომელიც ვერ განხორციელდა, რადგან დონორებმა არ იციან თავისი მომავალი ამ ქვეყანაში და როგორი იქნება დამოკიდებულება.
კი ცდილობენ, არცერთი მიმდინარე პროექტი არ შეაჩერონ, მაგრამ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პროექტები პრაქტიკულად ყველა გადაიხედება და სადამდე მივა არ ვიცით“,-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.