მმართველი პარტიის წევრთა განცხადებების მიუხედავად, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ძალა არ აქვს და ის მხოლოდ ევროდეპუტატების მიერ ქართველ ხალხზე თავდასხმას ემსახურება, დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის რისკის წინაშე ნამდვილად დგას. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის კვლევების დირექტორი, კახა გოგოლაშვილი BMGTV-ის "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტში ვერ დარეგისტრირდება ვერც ერთი პოლიტიკური რეზოლუცია, რომელიც არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის დამფუძნებელ შეთანხმებებთან და შესაბამისად, ნებისმიერი რეზოლუცია ლეგიტიმურია.
“აბსოლუტურად არასერიოზულია [ქართველი] პარლამენტარების საუბარი. ევროპარლამენტი ყველაზე ავტორიტეტული ორგანოა ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბჭო იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს, ამ ყველაფერს შემდეგ ევროპარლამენტი ამტკიცებს, იქნება ეს ნებისმიერი კანონი თუ ბიუჯეტიც კი. ევროპარლამენტი პოლიტიკური ძალების კონცენტრაციის ადგილია - ის ქმნის პოლიტიკურ განწყობებს, ამინდს თუ შეხედულებებს.
ევროპარლამენტის მოწოდებები აბსოლუტურად კვალიფიციურია. აბა, როგორ შეიძლება, ევროპარლამენტში მიღებული იყოს რეზოლუცია, რომელსაც ლეგალური სკრინინგი არ აქვს გავლილი? არც ერთი რეზოლუცია არ გადის, რომელსაც სპეციალური კომისია არ ამოწმებს, რამდენად შესაბამისობაშია ევროკავშირის დამფუძნებელ შეთანხმებებთან და კანონმდებლობასთან”, - განმარტავს კახა გოგოლაშვილი.
მისი თქმით, რომ არ არსებობდეს ვიზალიბერალიზაციის გადახედვისა და შეჩერების მექანიზმი, მაშინ რეზოლუციაში მსგავსი ჩანაწერი ვერ მოხვდებოდა. დოკუმენტში აღმოჩენილი შეუსაბამო პუნქტის შემთხვევაში, დეპუტატებს რეზოლუციის მიღების საშუალებას არ მისცემდა.
გოგოლაშვილი განმარტავს, რომ შემდეგი პროცესები მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, ევროპული საბჭო რამდენად მიზანშეწონილად მიიღებს მსგავს რეაგირებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ევროპული პარლამენტის რეკომენდაციები რეაგირების გარეშე არ დარჩება.
“ყველა ინსტიტუტს თავისი დანიშნულება აქვს. ევროპარლამენტი თავის აზრებს გამოთქვამს, ქმნის ამინდს, განწყობებს, აძლევს რეკომენდაციებს - ეს რეკომენდაციები ხალხისგან მოდის, რადგან პარლამენტი მათი წარმომადგენლობითი ორგანოა, ისინი პასუხს აგებენ თავისი ამომრჩევლების, ევროკავშირის სრული მოსახლეობის წინაშე.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პოლიტიკურად გამართლებულად ჩაითვლება ასეთი რეაგირება, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ რეზოლუცია ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვონ და ეს თავისთავად გამოიღებს შესაბამისს შედეგს”, - ამბობს გოგოლაშვილი.
“ანალიტიკას” ეთერში გოგოლაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ვიზაფასილიტაციისა (რუსეთი, ბელარუსი) და ვიზალიბერალიზაციის (ალბანეთი) გაუქმების პრეცედენტები უკვე არსებობს. ვიზალიბერალიზაციის იმ ნიშნულების დარღვევა, რომლებიც სამოქმედო გეგმაშია ჩაწერილი, ევროკავშირს საშუალებას აძლევს უვიზო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანას შეუჩეროს. გასულ წელს გამოქვეყნებული ვიზის გაუქმების მექანიზმის მე-6 ანგარიშის თანახმად კი, საქართველოს უკვე არაერთი პრობლემა აქვს ამ კუთხით.
“თუ ჩვენ გავაღიზიანებთ ევროკავშირს, შეუძლიათ, ნებისმიერ მომენტში შეგვიჩერონ ვიზალიბერალიზაცია. ისედაც წკიპზე ვართ - იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ევროკავშირში ითხოვს თავშესაფარს, არის გეომეტრიული პროგრესიით მზარდი. პირდაპირი მიზეზი აქვთ, რომ შეგვიჩერონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ, გვერიდებიან”, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.
“ევროპარლამენტის რეზოლუციას არავითარი ძალა არ აქვს, ის თავდასხმაა ქართველ ხალხზე” - შალვა პაპუაშვილი
პრემიერის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს