ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი (VSM) იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას რამდენიმე ფაქტორის შემთხვევაში ითვალისწინებს. კერძოდ, მექანიზმის თანახმად, შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი დროებით შეაჩეროს არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკების უეცარი და არსებითი ზრდის შემთხვევაში, ანუ მაშინ, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა (რომელიც სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით) აღარ აკმაყოფილებს შეთანხმების პირობებს.
აღსანიშნია, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების მექანიზმი 2016 წელს გადაიხედა და კიდევ უფრო გამკაცრდა, რის შედეგადაც ევროკავშირს უფრო მეტად სწრაფად და მოქნილად რეაგირების შესაძლებლობა მიეცა. კერძოდ, ახალი საფუძველი დაემატა შეჩერების მიზეზებს, მათ შორის რეადმისიასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შემცირება, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა უსაფრთხოებას. ასევე, მას შემდეგ უვიზო რეჟიმის შეჩერების ინიციატივის ავტორი შეიძლება გახდეს ევროკომისიაც, რაც მანამდე მხოლოდ წევრ ქვეყნებს შეეძლო. და ბოლოს, შემცირდა "დედლაინები" და წარდგენის პერიოდები, რათა რეაგირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი.
ამგვარად, ცვლილებების შედეგად, სავიზო რეგულაციები უვიზო მიმოსვლის შეჩერების ოთხ მიზეზს ითვალისწინებს:
- მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა;
- რეადმისიაზე თანამშრომლობის შემცირება;
- აღნიშნული ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა;
- წევრ ქვეყნებში შიდა უსაფრთხოების კუთხით გაზრდილი რისკის ან საფრთხეების გამო, განსაკუთრებით სერიოზული დანაშაულების მნიშვნელოვანი ზრდით.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამოყენების მოთხოვნის პირველი შემთხვევა 2019 წლის მაისში იყო, როდესაც ნიდერლანდებმა ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება მოითხოვა, ამ ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების ზრდის და სერიოზული კრიმინალური დანაშაულების ზრდის გამო. მეორეჯერ კი 2022 წელს, ევროკომისიის ანალიზის შემდეგ, რასაც მოჰყვა ვანუატუსთვის, უვიზო რეჟიმის დროებითი გაუქმება. მიზეზი პასპორტებით ვაჭრობა გახდა, კერძოდ, როგორც მაშინ „გარდიანი“ წერდა, საქმე ეხებოდა ე.წ. ოქროს პასპორტებს, რომლებსაც ვანუატუს ხელისუფლება გარკვეული საფასურის გადახდისა ან ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში გასცემდა. ეს ევროკომისიამ შიდა უსაფრთხოების მიმართ რისკად და საფრთხედ მიიჩნია. ალბანეთს 9 თვეში აღუდგინეს უვიზო მიმოსვლა, ვანუატუს კი დღემდე გაუქმებული აქვს. ამასთან, შემსუბუქებული სავიზო რეჟიმი გაუუქმეს რუსეთსაც და ბელარუსსაც.
აღსანიშნია, რომ 2023 წელს შენგენის საბჭომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გადახედვა, რათა მისი ეფექტიანობა კიდევ უფრო გაეზარდათ. 2024 წლის მარტში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, EU-ს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად:
- როდესაც ევროკავშირის არაწევრი მესამე ქვეყნები არ იცავენ იმავე სავიზო წესებს, რასაც ევროკავშირი და ეს იწვევს უფრო მეტი ადამიანის შესვლას ევროკავშირში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოსაა ევროკავშირთან;
- ინვესტორი მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა გაიცემა წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ;
- ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირი ასევე შეძლებს შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა კონკრეტული ქვეყნიდან, თუ მათი საგარეო ურთიერთობა ამ ქვეყანასთან მოულოდნელად გაუარესდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. გარდა ამისა, გასულ თვის შეთანხმების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე იზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 18 თვისა. ხოლო ამ პერიოდში, თუ ქვეყანამ არ გამოასწორა ვითარება, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების შესახებ. აღნიშნულის შესახებ საბოლოო შეთანხმება ევროკავშირის აღმასრულებელმა უწყებამ ევროპარლამენტთან უნდა მიაღწიოს.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, რომელიც მოიცავს იმის გადახედვას, შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი მორიგი შანტაჟია რეზოლუციის ავტორების მხრიდან. პრემიერის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს. ხოლო თეა წულუკიანის თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია.
როგორც ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, თუკი საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მკაფიო შეშფოთების მიუხედავად, მაინც მიიღებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს, მაშინ ევროკავშირს ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსთან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება.
“ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო. სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით”, - განმარტავს გოგოლაშვილი.
ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.