პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს „არავითარი ფასი არ აქვს“.
„რეზოლუციაში ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციაზე ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორი ჩალის ფასიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვების თაობაზე და ასევე სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე“, - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი, და ქართველ ხალხზე შანტაჟი არ ჭრის - „არათუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით, უნდა ზრუნავდნენ მაგალითად, ამერიკაში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ქართველ ხალხს შანტაჟის ენით ესაუბროს. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს. და ახლაც ძალიან კარგად ჩანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.