ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის" ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, რეზოლუციის ავტორები არ იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ.
„რაც არ უნდა იყოს ეს ტექსტი, ის მიღებულია და კენჭნაყარია ევროპარლამენტარების მიერ, რომლებიც არ არიან ისინი, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ, ისინი არ არიან ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო. ისინი იყენებენ უფლებამოსილებებს და იღებენ რეზოლუციებს თუ რეკომენდაციებს, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები მათი აზრით, როგორ უნდა მოიქცნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიღებული, პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია.
რეზოლუცია რეზოლუციად რჩება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორ ცდილობს არაერთი ევროპარლამენტარი იმ ევროპარლამენტში, რომელიც ცნობილია თანხების სანაცვლოდ გადაწყვეტილებების მიღებით და თანხების სანაცვლოდ გარკვეული პოზიციების დაჭერით, მორიგჯერ დასაჯოს ქართველი ერი, რაც რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება, ისევე, როგორც ვერ მოხერხდა ჩვენთვის სტატუსის წართმევა”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.