ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.
ევროპარლამენტის რეზოლუციის სრული ტექსტი:
ევროპარლამენტი
1. მკაცრად გმობს რეინიციირებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" საკამათო კანონპროექტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას დამასუსტებელ შეზღუდვებს დაუწესებს, შესაბამისად, ძირს გამოუთხრის მათი თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას, რასაც მოჰყვა მასობრივი პროტესტები საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, მნიშვნელოვანი საჯარო ფიგურებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
2. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, მიდის საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციების წინააღმდეგ, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
3. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.
4. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს, მოუწოდებს, შეაჩეროს ამ კანონის მიღების საპარლამენტო პროცედურა და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს პირობებს, რომლებიც 2023 წლის მარტში დადეს, როცა გამოაცხადეს, რომ უპირობოდ გაიწვევდნენ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდვებს უწესებდა სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას და აღარ წარადგენდნენ მსგავს კანონს მეორედ; ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს შემდგომი სამართლებრივი წინადადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და რომლებიც ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან წინააღმდეგობაში მოვა.
5. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, გაგრძელდეს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, გაგრძელდეს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ახლო კოოპერაცია და დარჩეს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის ერთგული.
6. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტების თავისუფლებები არის ფუნდამენტური თავისუფლებები და უნდა იყოს პატივცემული ნებისმიერ გარემოებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
7. მოუწოდებს საქართველს მთავრობას პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, შესაბამისად, გამოხატავს შეშფოთებას, სპეცრაზმელების მიერ საკამათო კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენების ცნობებზე; საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.
8. ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ასრულებს, მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმებისთვის, შესაბამისად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ დაიშურონ თავი, რათა შექმნან გარანტიები, რომლებშიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია განვითარდება.
9. გმობს ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს ძალიან საკამათო და მსგავსი რუსული კანონმდებლობისგან, როგორიცაა რუსეთის "უცხოელ აგენტთა კანონი", რომელიც განზრაც ანიჭებს იარლიყებს და ეწევა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრიმინაციას და გამოყენებულ იქნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან შეწინააღმდეგების ჩასახშობად და ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად.
10. შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი გააზრებით, რომ გატარდებოდა 2023 წლის 8 ნოემბერს კომისიის მიერ რეკომენდირებული შესაბამისი ნაბიჯები; ხაზს უსვამს, რომ ეს რეკომენდაცია საქართველოს მოუწოდებდა, უზრუნველეყოთ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მუშაობა და ებრძოლათ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, რასაც კანონპროექტი არღვევს.
11. საქართველოს მთავრობას შეახსენებს პირობებს, რომლებიც დადეს და ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მიიღეს, როცა ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადეს და კომისიის ვიცეპრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, სამეზობლოსა და გაფართოების კომისარსა და კომისიის პრეზიდენტს ასევე მოიქცნენ.
12. იწვევს კომისიას, წარმოადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბერს კომისიის მიერ გადაცემული 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით.
12. a. იწვევს კომისიას, რომ დროულად შეაფასოს საქართველოს "უცხოური გავლენის აგენტების" კანონის თავსებადობა საქართველოს განგრძობად შესაბამისობასთან ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების მიმართ, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმთან, რაც ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.
13. მოუწოდებს კომისიასა და წევრ ქვეყნებს შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა საქართველოში ევროკავშირის დონორობაზე და ცხადი კომუნიკაცია ჰქონდეთ საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე შესაძლო გავლენებსა და შედეგებზე.
14. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეასრულოს პირობები, რომ პატივს სცემენ, გააძლიერებენ და წაახალისებენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და გულწრფელად ჩაერთონ იმ ნაბიჯების გადადგმაში, რომლებიც საჭიროა კანდიდატის სტატუსისთვისა და ევროკავშირის წევრობისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობითა და კოოპერაციით.
14 a. გმობს იმ პერსონალურ როლს, რასაც 2023 წლის 30 დეკემბერს აქტიურ პოლიტიკაში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა იმ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც ქვეყანაში არის ამჟამად და რომელიც მიზანმიმართულია დასავლეთისკენ მიმართული კურსის რუსეთისკენ შეტრიალებისკენ. ევროპარლამენტი იმეორებს მის მოწოდებას ევროკომისიისა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ მოახდინონ ივანიშვილის სანქცირება, საქართველოში არსებული დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებისა და მისი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის.
15. იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ კეთილმოწყობილ ქვეყანაში, სადაც თავისუფალი იქნებიან კორუფციისგან და პატივს სრულად სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დაიცავენ ადამიანის უფლებებს და შექმნიან გარანტიებს ღია საზოგადოებისთვისა და თავისუფალი მედიისთვის; უსვამს ხაზს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადაცემა მოტივირებულია სურვილით, აღიარებულ იქნას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ძალისხმევა და მოქალაქეების აბსოლუტურi უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა.
15. a. მოუწოდებს ქართული ოცნების უმრავლესობას რომ გაიწვიონ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც LGBTQ უფლებების შეზღუდვისკენ არის მიმართული და რომელიც არამხოლოდ LGBTQ საზოგადოების მიმართ თავდასხმას, არამედ ასევე სიტყვისა და გამოთავისუფლების თავისუფლებაზე თავდასხმას წარმოადგენს.
15. b. იმეორებს მის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მოხდეს ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რათა მოხდეს უცხოეთში მისი სამკურნალო მიზნით გადაყვანა. მოხდეს საქართველოს სამართლებრივი სისტემის ჭეშმარიტი რეფორმირება.
16. მოუწოდებს OSCE/ODIHR-ს არჩევნების სადამკვირვებლო მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ, ხანგრძლივ საერთაშორისო მისიას გააკონტროლოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.
17. [რედ. - ევროპული პარლამენტის] პრეზიდენტს აძლევს მითითებას, გადასცეს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცეპრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, საბჭოს, კომისიას, წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.