მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სრულიად ნათელია, რომ EU-სთან მოლაპარაკებების გახსნა აღარ დგას დღის წესრიგში” - სერგი კაპანაძე

გრასი

ორგანიზაცია “გრასის” დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყება დღის წესრიგში აღარ დგას.

“შარშან 12 ვალდებულებიდან, რომელიც ევროკავშირის წინაშე ავიღეთ, 3 შევასრულეთ და ევროკავშირმა კრედიტად მოგვცა კანდიდატის სტატუსი - თან გვითხრა, რომ აქ არის 9 დათქმა და თუ შეასრულებთ, გავხსნით მოლაპარაკებებსო. მას შემდეგ 5 თვე გავიდა და საუბარია, რომ ვიზალიბერალიზაცია, შეიძლება, შეგვიჩერდეს. სრულიად ნათელია, რომ აღარანაირი მოლაპარაკებების გახსნა აღარ არის დღის წესრიგში.

რა შუაშია ევროპული პარლამენტი და რეზოლუცია - იმავეს ამბობენ ევროპული საბჭო და შარლ მიშელიც, კომისიაც და უმაღლესი წარმომადგენელიც, იმავეს ამბობენ წევრი სახელმწიფოებიც. გზა, რომელიც გვქონდა დაიხურა და ახლა იმაზე ვდაობთ, შეიძლება თუ არა, ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერდეს და თუ ყოფილა აქამდე ამის პრაქტიკა?!” - ამბობს კაპანაძე.

“გრასის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური გუნდებში სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებიც ერთიანდებიან, შესაბამისად, ხელისუფლების მიერ ევროდეპუტატების კრიტიკა მიუღებელია.

“ევროპარლამენტში არიან პოლიტიკური ჯგუფები. ისინი არიან პოლიტიკური ოჯახები, რომელთა წევრებიც არიან სახელმწიფოს მეთაურები. იქ, რომ პარტიები რაღაცებს გადაწყვეტენ, ეს მოდის იმ პოლიტიკური ოჯახებიდან, რომელთა წევრებიც მაკრონი, შოლცი და სხვა ლიდერები არიან. ევროპარლამენტის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას - ამ ჯგუფს რომ უტევ, ამ ჯგუფის წარმომადგენლები ევროპელი ლიდერები არიან.

ვთქვათ, ევროპარლამენტი ცუდია და ბრიყვებითაა სავსე, რომელი ინსტიტუტია, რომელიც ქართული ოცნების ამ პოლიტიკას უჭერს მხარეს? ერთი სახელმწიფო მეთაური გამოვიდა, ვინც მხარი დაუჭირა? ევროპული საბჭო? ასეთი მხოლოდ უნგრეთია, მათ იმედზე ყოფნა ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება დაბლოკოს, მაგრამ ერთი ქვეყანა რას გააკეთებს?” - ამბობს სერგი კაპანაძე.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი ევროპულ კომისიას უკვე აქვს, და მოსაზრება, რომ ამისთვის ევროკავშირის წვერი 27-ვე სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო - მცდარია.

“უკვე არსებობს საფუძველი, რის გამოც შეიძლება შეაჩერონ ვიზალიბერალიზაცია. მაგრამ ახლა ბოლოში გავიდა პროცესი, რომლის თანახმადაც, ადამიანების უფლებები გაუარესება, პირდაპირ ხდება საფუძველი, რომ ევროკომისიამ შეგვიჩეროს ვიზალიბერალიზაცია - ის კი არა, რომ ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდეს, უნგრეთის უკან რომ იმალებიან [ხელისუფლება], უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, მაგრამ მაგასაც რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ კომისიას შეუძლია ეს”, - განმარტავს კაპანაძე.

25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ ,შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებას.

რა მნიშვნელობის არის ევროპარლამენტის რეზოლუცია? - კახა გოგოლაშვილის განმარტება

პრემიერის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები