მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნათელია, რომ ეს კანონი არ არის თანხვედრაში EU-ს ღირებულებებთან” - ევროპარლამენტში “რუსულ კანონს” განიხილავენ

eup

ევროპულ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახალ ინიცირებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. არაერთმა ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ პარტიას, არ წავიდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ და “აგენტების კანონპროექტი” ჩააგდოს.

დებატები ევროკომისარმა იანეზ ლენარჩეჩიმ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ არის თანხვედრაში ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან.

“გასულ წელს მმართველმა პარტიამ საჯარო პირობა დადო, რომ ასეთი ტიპის კანონპროექტს აღარასდროს დააბრუნებდნენ. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ჩააგდონ კანონპროექტი ისე, როგორც ეს გასულ წელს გააკეთეს.

ნათელია, რომ ეს კანონი არ არის თანხვედრაში EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენი კარი თქვენთვის ღიაა, ამიტომ მოვუწოდებთ ლიდერებს, რომ არ ჩამოაშორონ საქართველო ევროინტეგრაციის რელსებს”, - აღნიშნა ლენარჩეჩიმ.

ევროპარლამენტართა გზავნილები ერთმანეთის მსგავსია. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული დოკუმენტი ძალიან ჰგავს რუსულ კანონს, რაც ასევე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

“საქართველოს მთავრობა რუსულ ტაქტიკას იყენებს იმისთვის, რომ შეავიწროვოს სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია და ყველა, ვინც მას შეეწინააღმდეგება.

მათი საქციელი ცხადყოფს, რომ საქართველო საკუთარ ამბიციას, გახდეს ევროკავშირის ნაწილი, სერიოზულად ვერ აღიქვამს”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ურმას პიტმა და ხელისუფლებას 9 დათქმის შესრულებისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა კი განაცხადა, რომ კანონის მიღებას აუცილებლად ექნება გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რისთვისაც მხოლოდ კანდიდატის სტატუსი საკმარისი არ არის.

“საქართველო [EU-ს წევრობის] კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ თუ ის უცხოელი აგენტების კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს”, - განაცხადა მიქსერმა.

ევროპარლამენტარებისგან არაერთი გაფრთხილება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ელის საქართველოს EU-ში გაწევრების მოლაპარაკებებსაც. დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებები უნდა გაიყინოს და ევროკავშირმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე იფიქროს. დეპუტატებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საქართველოში EU-ს დაფინანსებით სარგებლობის შესაძლებლობაც.

ევროპელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყანაში პოლარიზაციას გაამყარებს და მედიისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზებას შეუწყობს ხელს. 14-მა ევროპარლამენტარმა სტრასბურგში რეზოლუციის პროექტი უკვე წარადგინა. ხუთშაბათს, ხმის მიცემით გადაწყდება, დაუწესდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები და რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი ხელისუფლების მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები