მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ ევროსაბჭოსა და ევროკომისიას, გადახედონ EU-საქართველოს ურთიერთობას, მათ შორის ფინანსური დახმარების კუთხით - ევროპარლამენტარები

განცხადება

საქართველოს პარლამენტის მიერ “რუსული კანონის” მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტის სამმა დეპუტატმა - დეივიდ მაკალისტერმა, მარინა კალიურანდმა და სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ისინი გმობენ კანონის მიღებას და საქართველოს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ.

“ვგმობთ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოელი აგენტების კანონის” მიღებას. იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა მარეგულირებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უწყვეტად გამოთქმული შეშფოთება. მოვუწოდებთ ქართველ კანონმდებლებს, გაიწვიონ კანონი, ვიდრე ის კიდევ უფრო გააღრმავებს განხეთქილებას საქართველოში და კიდევ უფრო შეაფერხებს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციასა და ევროპულ მომავალს.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს და ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად დემონსტრაციებს მართავენ. ხელისუფლებამ თბილისში პროცესების გადაუდებელ დეესკალაციას უნდა შეუწყოს ხელი, რისთვისაც უარი უნდა თქვას ძალის გამოყენებაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ მედიის მიმართ, რომლებიც მიღებულ კანონს აპროტესტებენ. ნებისმიერი ტიპის ძალადობა ან დაშინება მომიტინგეების წინააღმდეგ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში და, შესაბამისად, დაუშვებელია”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოსა და ევროპულ კომისიას საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვასაც მოუწოდებს, მათ შორის პოლიტიკური თუ ფინანსური დახმარების კუთხით.

“სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი მოთხოვნა. მოვუწოდებთ საბჭოსა და ევროპულ კომისიას, რომ გადახედონ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას, მათ შორის პოლიტიკური და ფინანსური დახმარების კუთხით. მოვუწოდებთ კომისიას, რომ დაუყოვნებლივ გამოსცენ შეფასება, თუ რა გავლენა ექნება უცხოელი აგენტების კანონს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რაც უკვე გააკეთა 12-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა”, - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

ცნობისთვის, დეივიდ მაკალისტერი ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა, მარინა კალიურანდი სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, სვენ მიქსერი კი ევროპარლამენტის მომხსენებელია საქართველოს საკითხებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები