ევროპარლამენტის დეპუტატი, მირიამ ლექსმანი, "ქართული ოცნების" მიერ მონაცემთა ბაზის შექმნას X-ის საშუალებით ეხმიანება და აღნიშნულ ინიციატივას "ავტორიტარიზმად" აფასებს.
"ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი "ქართულ ოცნებას" და მათ, ვინც ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურების საშუალებას იძლევა", - წერს ევროპარლამენტარი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" ადამიანთა სიას შექმნის, რომელშიც, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მოხვდება ყველა ადამიანი, რომელიც "ძალადობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული" ან ამ ყველაფერს საჯაროდ "იწონებს".
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბაზა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ხოლო კითხვაზე, რა საჭირო იყო ამ ბაზის შექმნა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მიმდინარეობს ძალადობა, შანტაჟი და მუქარა საზოგადოებისთვის ცნობილ წევრებზე, სპორტსმენებზე, ასევე ემუქრებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც აქციაში არ მონაწილეობენ და ა.შ.
"მუქარა", "შანტაჟი" ან ამის "საჯაროდ მოწონება" - "ოცნება" კრიტიკოსების ბაზას ქმნის
რისთვის ქმნის მმართველი პარტია მონაცემთა ბაზას? - პაპუაშვილის პასუხი