მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მუქარა", "შანტაჟი" ან ამის "საჯაროდ მოწონება" - "ოცნება" კრიტიკოსების ბაზას ქმნის

პარლამენტი

“ქართული ოცნება“ ძალადობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების ბაზას ქმნის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ბაზა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაციები ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარაში, ძალადობასა და შანტაჟში არის ჩართული და ან ამის მოწონებას საჯაროდ აფიქსირებს. ეს ინფორმაცია განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო, გამჭვირვალე მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა საჭირო იყო ამ ბაზის შექმნა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მიმდინარეობს ძალადობა, შანტაჟი და მუქარა საზოგადოებისთვის ცნობილ წევრებზე, სპორტსმენებზე, ასევე ემუქრებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც აქციაში არ მონაწილეობენ და ა.შ.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებამ შეაფასოს ქმედებები. ვფიქრობთ, განხორციელებული ქმედებები ეწინააღმდეგება პროტესტის კულტურას. იქნება მხილებული ყველა ადამიანი და შემდეგ საზოგადოება თავად განსჯის. როცა სოციალურ ქსელში ვხედავთ მოწოდებას, შანტაჟს, მუქარას, ადამიანებს აქვს ჩამოყალიბებული ყალბი შეგრძნება ანონიმურობისა, არადა ეს იგივე არის, რაც საჯარო განცხადება. ადამიანები ზოგადად, რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან სოციალურ ქსელებში. არის ფაშისტური მოქმედებები ადამიანების გარიყვასთან დაკავშირებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები დაფიქრდნენ. როცა საზოგადოებას რეაქცია ექნება, მორალური შეფასება, ეს ადამიანებიც მოერიდებიან მსგავსი განცხადებების გაკეთებას“, - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაგალითად მოიყვანა ზეწოლის განხორციელება სპორტსმენებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

კითხვაზე, რა შედეგებს მოიტანს ბაზის გამოქვეყნება და რა იგულისხმება მორალურ რეაქციაში, პაპუაშვილი ასე პასუხობს: „ადამიანებზე ხდება ზეწოლა. ამოქმედებულია ადამიანების მორალური დათრგუნვის ინსტიტუტი და ა.შ. ბაზაც ამას ეხმაურება, ის, ვინც ამას საჯაროდ აკეთებს, საზოგადოებამ ნახოს გამჭვირვალედ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მათზე მორალურად ძალადობენ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები