ევროპულ პარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ პლურალიზმთან არსებულ რისკებზე დებატები გაიმართა, სადაც ევროდეპუტატებმა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები ევროპარლამენტში საქართველოში ბოლო დროს მიღებულ კანონებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ე.წ. "აგენტების კანონსა" და ანტი-LGBTQ+ კანონს საერთო არაფერი აქვს ევროპულ ღირებულებებთან, რის გამოც საქართველო მზად არ არის, ევროკავშირის წევრი გახდეს.
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილის ერთგულია, თუმცა მმართველი პარტიის პოლიტიკა მოსახლეობის სურვილთან წინააღმდეგობაში მოდის.
"ეს ნაბიჯები (მიღებული კანონები) სრულად წინააღმდეგობაშია საქართველოს განცხადებულ სურვილთან, ევროინტეგრაციის შესახებ. ევროპული ინსტიტუციები მხარს უჭერენ საქართველოს, მას კანდიდატის სტატუსიც მიანიჭეს. თუმცა ეს არ არის გზა, რომელიც შეუქცევადია და ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა სწორედ ამ მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს", - ამბობს სვენ მიქსერი.
ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ გარდა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებისა, რაც ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მრავალფეროვნება და დემოკრატია კვლავ პრიორიტეტებად რჩება.
რეზოლუციის მომხრეებმა ხაზი გაუსვეს მმართველი პარტიის პრორუსულ კურსს და აღნიშნეს, რომ ერთადერთი გარე ძალა, რომელიც საქართველოს საქმეებში ერევა - კრემლია.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ რეზოლუციის ინიციირებით ევროპარლამენტი მმართველ პარტიას მკაფიო მესიჯს უგზავნის.
"ევროპული პარლამენტი მკაფიო მესიჯს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის კოლაბორანტებს "ქართულ ოცნებაში". ევროკავშირში გაწევრიანება მათ პოლიტიკასთან სრულიად შეუსაბამოა: ერთდროულად პროევროპული და პროკრემლისტური პოზიცია ვერ გექნება; ვერ დაუჭერ მხარს ევროპულ ცხოვრებას, თუ ამავე დროს აღმერთებ სტალინს.
ევროპარლამენტი საარჩევნო პროცესს ძალიან ახლოდან დააკვირდება, რომ ის თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. თუ "ქართული ოცნება" ლუკაშენკოს გზაზე სიარულს გააგრძელებს, ევროკავშირი იძულებული გახდება, იმოქმედოს და გადააფასოს საქართველოსთან ურთიერთობები, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის კუთხით", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
სხდომაზე რამდენჯერმე გაჟღერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის ჩამორთმევის საკითხიც. ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ პრივილეგიები, რომლებიც ევროპულმა ინსტიტუციებმა საქართველოს მიანიჭეს, პირობითია.
"მე ევროპული ინსტიტუციების ნაწილი ვარ, ჩვენ არ ვართ განზე მდგომი ორგანიზაციები, ჩვენ პროცესის მონაწილეები ვართ: ჩვენ მოგანიჭეთ კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია, ჩამოგართვათ; მოგანიჭეთ ვიზალიბერალიზაცია და შეგვიძლია, უკან წავიღოთ. გადავავადეთ ინდივიდუალური სანქციები იმ იმედით, რომ საქართველოს მის ოკუპანტთან, რუსეთთან, არ დავკარგავდით, მაგრამ ვკარგავთ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ქართველი ხალხის სურვილზეა დამოკიდებული, რომელიც ამომრჩეველმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გამოხატონ. დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის ბრძოლაში ვერ ჩაებმება, თუმცა შეუძლია, ამ ბრძოლაში დახმარება გაუწიოს მოსახლეობას და რუსეთისთვის გამარჯვება გაართულოს.
რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და სუვერენიტეტია - ევროპარლამენტართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ კანონის მიღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.
დეპუტატი ნაჩო სანჩეს ამორი მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ პროცესები საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე უნდა გადაიდოს, რათა ხელისუფლებამ და რუსეთმა რეზოლუციის მიღება ქვეყნის საარჩევნო პროცესებში საგარეო ჩარევად არ თარგმნონ.
განხილვის ბოლოს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს გააგრძელებს.
ევროპარლამენტი რეზოლუციას კენჭს ხვალ, 9 ოქტომბერს უყრის.