14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოზე რეზოლუციის პროექტი მოამზადა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეების შესახებ“, რომელზეც ევროპარლამენტი დღეს იმსჯელებს. ერთ-ერთი საკითხი, რასაც რეზოლუცია ითვალისწინებს, არის მოწოდება ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების შესახებ.
კერძოდ, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები იმ ქართველ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში ან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში. ამასთან, კვლავ იმეორებს მოწოდებას, საბჭომ განიხილოს პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის მისი როლის გამო საქართველოში პოლიტიკური პროცესისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაში. აქვე არის მოწოდება ქართული კომერციული ბანკების მიმართ, რომ განახორციელონ საერთაშორისო სანქციები.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმება იქნება აუცილებელი ნაბიჯები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ასევე არის მოწოდება, რომ შეფასდეს კანონების თავსებადობა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების კონტექსტში.
„კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიას, დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოს კანონმდებლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე გენდერული კვოტების გაუქმება და სხვა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და ზოგადად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება როგორ მოქმედებს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“,- აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვაზე, სანამ არ გაუქმდება არალიბერალური კანონმდებლობები, ასევე არის მოწოდება მკაცრი პირობების განსაზღვრაზე საქართველოს მთავრობისთვის სამომავლოდ დაფინანსების გაცემასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც რეზოლუცია ითვალისწინებს არის მტკიცე მოწოდება, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ და ეფექტურად გაატაროს ზომები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს მთავრობის რუსულ პოლიტიკასთან შესაბამისობით და რუსეთზე მზარდი დამოკიდებულებით შესახებ, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინის ომის ძალადობრივი სურათების გამოყენებაზე.
რეზოლუციაში არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაბამისობა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, გაუქმდეს სახელმწიფო რესურსებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების პრაქტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეზოლუციაში გაჟღერებული კიდევ ერთი მოწოდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მისთვის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის შესაძლებლობის მიცემას ითვალისწინებს.
ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხს დღეს განიხილავს. დღის წესრიგის თანახმად, მოხსენებას წარადგენს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. 8 ოქტომბრის განხილვას კი მოჰყვება 9 ოქტომბერს რეზოლუციაზე კენჭისყრა.