მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს მიდგომა არასწორია - ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებზე

მთავრობა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციებზე საუბარი არაპროდუქტიულია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს შესაძლო სანქციებზე დასავლელი ლიდერების განცხადებებთან დაკავშირებით განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, დასავლელ პარტნიორებთან აუცილებელია დისკუსია და დიალოგი. ამის პარალელურად კი სანქციებზე საუბარი არასწორია.

„რაზე უნდა დაასანქცირონ საერთოდ, რატომ უნდა მოხდეს? ეს მიდგომა უკვე არის არასწორი. ჩვენ ერთი მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა და მეორე მხრივ, მუქარა, შანტაჟი თუ ასეთი განცხადებები არაა პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "რუსულ კანონთა" დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ფონზე გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე მსჯელობა. 14 მაისს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ". მისივე თქმით, ივანიშვილს მიაჩნია, რომ აშშ-მა ის უკვე დაასანქცირა, თუმცა ამ ეტაპზე მასზე არანაირი სანქცია არ არსებობს.

ივანიშვილის და მმართველი პარტიის სხვა ლიდერების, ასევე "რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატების პერსონალურ დასანქცირებაზე საუბრებია ევროკავშირშიც. 4-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართა და მოუწოდა, დაიწყოს პერსონალური სანქციების მომზადება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებენ. კერძოდ, საუბარია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და იმ დეპუტატების სანქცირებაზე, რომლებიც "რუსულ კანონს" მხარს უჭერენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები