მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია 9.2%-მდე შემცირდა

63b7fe914ec54
გიორგი თოლორდავა
06.01.23 15:02
603
ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 9.2% შეადგინა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ინფლაცია 10.1% იყო; ხოლო ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%-ს შეადგენდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით, 5.2%-იან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგად ეკონომიკაში ფასების ზრდის ტემპი ისევ ნარჩუნდება.

დეკემბრის თვეში ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთთვიან ჭრილში თითქმის 50%-ითაა შემცირებული.

ცნობისთვის, რეკორდული ინფლაციის მოსათოკად და ევროს მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიული ტემპით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 2%-იან ნიშნულამდე გაზარდა.

ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ECB-ის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არა 75 საბაზო პუნქტით, არამედ 50-25-ით გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები