მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში საქართველოზე მაღალი ინფლაციაა

მაღაზია სუპერმარკეტი
BM. GE
03.10.23 17:53
100

ევროსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში ევროზონის წევრ ქვეყნებში წლიური ინფლაციის დონე 4.3%-ია. ანგარიშის მიხედვით, ამჟამად ევროზონაში ყველაზე მაღალი ინფლაცია სლოვაკეთშია და ის 8.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ხორვატია (7.3%), მესამეს კი სლოვენია იკავებს 7.1%-ის ოდენობის წლიური ინფლაციით. ევროზონაში ყველაზე დაბალი ინფლაცია ნიდერლანდებშია, სადაც ევროსტატის თანახმად, გასულ თვეში ინფლაციის ნაცვლად 0.3%-იანი დეფლაცია აღინიშნა.

შედარებისთვის, სექტემბერში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ცვლილებამ 0.7% შეადგინა, რაც ევროზონის ინფლაციას რამდენჯერმე ჩამორჩება. 

2023 და 2024 წლებისთვის ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ია, თუმცა 2021 წლის მესამე კვარტალიდან ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აღემატება. 

ევროსტატის მონაცემებით, ევროზონაში ფასების ზრდის ძირითადი მდგენელი სურსათის ჯგუფის გაძვირებაა, სადაც ფასები 8.8%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ფასების კლება შეიმჩნევა ენერგომატარებლების ჯგუფში, რაც საწვავისა და ბუნებრივი აირის ფასების შემცირებას უკავშირდება. ამ ჯგუფში ფასები 4.7%-ით შემცირდა. 

ევროზონის წევრი ქვეყნების ინფლაცია ევროსტატის შეფასების მიხედვით:

  • სლოვაკეთი - 8,9%
  • ხორვატია - 7,3%
  • სლოვენია - 7,1%
  • ავსტრია - 5,8%
  • იტალია - 5,7%
  • საფრანგეთი - 5,6%
  • ირლანდია - 5.0%
  • მალტა - 4,8%
  • პორტუგალია - 4,8%
  • გერმანია - 4,3%
  • კვიპროსი - 4,2%
  • ლიტვა - 4,1%
  • ესტონეთი - 4.0%
  • ლატვია - 3,5%
  • ლუქსემბურგი - 3,4%
  • ესპანეთი - 3.2%
  • ფინეთი - 3.0%
  • საბერძნეთი - 2,4%
  • ბელგია - 0,7%
  • ნიდერლანდები - -0,3%

2023 წლის 14 სექტემბერს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 4.5%-მდე გაზარდა. 

ECB-ის პროგნოზით, 2023 წელს ევროზონის საშუალო ინფლაცია 5.6% იქნება, ხოლო 2024-ში ის 3.2%-მდე უნდა შემცირდეს, 2025 წლისთვის კი სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები