აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ ე.წ. მიშელის დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელის მოწერა კარგი ნიშანია იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს. ასე ეხმაურება ელჩი პარტიის გადაწყვეტილებას, რომელმაც შეთანხმებაზე ხელის მოწერის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
„მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას. ეს ხელმოწერა არის კარგი ნიშანი იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს პოლიტიკურ სივრცეში. ეს კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აუცილებელი რეფორმები გატარდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს მოლაპარაკება. ამერიკული და ევროპული მხარეები ყველანაირად ეცდებიან, რომ დაეხმარონ პროცესებს, თუმცა ეს არის ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი.
ეს არის იმის ნიშანი, რომ რეფორმები აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს მთლიანად საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და საარჩევნო გარემოსაც შეუწყობს ხელს. ეს[სასამართლო] რეფორმა ეხება მთლიანად საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა ელჩმა.
კითხვას - დაგვიანებული ხომ არ იყო ხელმოწერა და რაზე მეტყველებს ის, კელი დეგნანი პასუხობს, რომ ხელმოწერა მესიჯივით უნდა იყოს და საქართველოს მოსახლეობაზე რეფორმების გატარებით უნდა აისახოს.
„ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი იმ რეფორმებისა, რომელიც უნდა განხორციელდეს და ეს რეფორმები ქართველი ლიდერების საშუალებით უნდა გატარდეს“, - განაცხადა კელი დეგნამა.
შეგახსენებთ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუმცა თავად „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე კვირის წინ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.




























