ამერიკული ენერგეტიკული გიგანტ ExxonMobil-ის სპეციალისტთა ჯგუფი მიმდინარე კვირას ვენესუელაში იმყოფება, რათა ქვეყნის ნავთობისა და გაზის რესურსები, ასევე არსებული ინფრასტრუქტურა შეაფასოს.
კომპანიის მოძიებისა და წარმოების მიმართულების ხელმძღვანელმა, დენ ამანმა ჰიუსტონში გამართულ CERAWeek-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი იმის დადგენაა, თუ რა მდგომარეობაშია ადგილზე Exxon-ის ის გადარჩენილი ობიექტები, რომლებიც წლებია აღარ ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, Exxon-მა ვენესუელა 2007 წელს, აქტივების ექსპროპრიაციის შემდეგ დატოვა. პრეზიდენტ მადუროს დაკავებისა და აშშ-ვენესუელას ურთიერთობების დაახლოების მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარენ ვუდსმა ქვეყანაში ინვესტირება კატეგორიულად გამორიცხა და Exxon-ის მხრიდან ასეთ ნაბიჯს “შეუფერებელი” უწოდა. აღსანიშნავია, რომ მისმა ამ სიტყვებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია.
დენ ამანმა არაერთხელ თქვა, რომ ვენესუელას ნავთობის ინდუსტრიის სრულ აღდგენას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს და მისი ღირებულება ასეულობით მილიარდ დოლარს გაუტოლდეს. შეგახსენებთ, ვენესუელა, როგორც OPEC-ის წევრი ქვეყანა, რომელიც ერთ დროს დღეში 3 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა, ინვესტიციების ნაკლებობისა და არასწორი მართვის გამო ბოლო წლებში მძიმე კრიზისში აღმოჩნდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, Exxon-ის ვენესუელაში დაბრუნება თეთრი სახლის პოლიტიკის დამსახურებაა. როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკულ კომპანიებს სამხრეთ ამერიკულ ბაზარზე შესვლისკენ მუდმივად უბიძგებს. იმ გლობალური კრიზისის გათვალისწინებით კი, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება აიძულებს ენერგეტიკულ გიგანტებს, გადახედონ ძველ პოზიციებს და მოძებნონ უსაფრთხოების გარანტიები ახალი ინვესტიციებისთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ვენესუელის ინფრასტრუქტურის დეტალური აუდიტი იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმის განსაზღვრაში, თუ რა მოცულობის კაპიტალდაბანდებას განახორციელებს ამერიკული მხარე უახლოეს პერიოდში.




























