იმპერიულ რუსეთში დაფუძნებული საიუველირო ფირმა "ფაბერჟეს სახლის" კვერცხი, რომელიც იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ 1913 წელს შეუკვეთა, აუქციონზე გამოვა და, სავარაუდოდ, 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდება.
"ზამთრის კვერცხის" სახელით ცნობილი სუვენირი იმპერატორმა დედამისისთვის, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნასთვის, სააღდგომო საჩუქრად შეუკვეთა. ექსპონატი ამ დრომდე ითვლება ფაბერჟეს ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ იმპერიულ ნაკეთობად.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ფაბერჟეს კვერცხი სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვში, კრემლის იარაღის საწყობში მოხვდა, სამეფო კარის სხვა განძთან ერთად. 1920-იან წლებში კი საბჭოთა ხელისუფლებამ ერმიტაჟის მუზეუმიდან და სხვა კოლექციებიდან ხელოვნების ნიმუშების ლიკვიდაცია დაიწყო, ხშირად მათ რეალური ღირებულებაზე იაფად. "ზამთრის კვერცხი" ანტიკვარის გამყიდველმა 450 სტერლინგად შეისყიდა და 1943 წელს ბრიტანელ კოლექციონერს 1500 გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა. ფაბერჟეს ნაკეთობა შემდეგ კიდევ ერთხელ გაიყიდა და ორი ათწლეულის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.
1975 და 1994 წლებში "ზამთრის კვერცხი" Christie-ის აუქციონის სახლმა რეკორდულ 7,263,500 შვეიცარიულ ფრანკად გაყიდა. 2002 წელს კვერცხი კვლავ Christie-ს დაუბრუნდა და ამჯერად 9,579,000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.
"ზამთრის კვერცხი" მთის კრისტალიდან არის გამოთლილი, მის შიდა ნაწილში ზამთრის ყინვის თემატიკას ვხედავთ, გარედან კი ბრილიანტებით გაწყობილი კრისტალის ფიფქებია გამოსახული. კიდევ ექვსი მსგავსი იმპერიული სააღდგომო კვერცხი ამ დრომდე კერძო კოლექციებში რჩება.





























