Facebook-ის ადმინისტრაციამ ვებ–გვერდიდან ის ღონისძიებები წაშალა, რომლებიც ნებრასკაში, ნიუ-ჯერსისა და კალიფორნიაში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული საკარანტინე ზომების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თუმცა, კომპანია განმარტავს, რომ სოციალური ქსელიდან მხოლოდ ის ღონისძიებები წაიშლება, რომლებიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს, როგორიცაა მაგალითად, შეკრებაზე შეზღუდვები და ა.შ. Facebook-ი ასევე იმ ღონისძიებების წაშლასაც გეგმავს, რომლებიც სოციალური დისტანცირების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
"ჩვენ ვრთავთ ნებას Facebook-ზე ისეთი ღონისძიებები დაორგანიზდეს, რაც მთავრობის მიერ არ არის ამ პერიოდში აკრძალული. ამავე მიზეზის გამო, ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დაწესებულ სოციალურ დისტანცირებას, Facebook-ზე დაშვებული არ იქნება,"- ამბობს კომპანიის სპიკერი ენდი სთოუნი.
როგორც Reuters-ი წერს, კომპანიას არ დაუსახელებია კონკრეტულად რომელი ღონისძიებები წაშალა.
შეგახსენებთ, კვირას, 19 აპრილს ვაშინგტონის შტატის დედაქალაქ ოლიმპიაში, დაახლოებით 2,500 ადამიანი შეიკრიბა, რათა გუბერნატორის მიერ გამოცემული სახლში დარჩენის წესი გაეპროტესტებინა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ასევე კოლორადოს შტატის დედაქალაქშიც.




























