გაეროს „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია“ (FAO) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის მე-3 ფაზის ფარგლებში განხორციელებული პროექტის დახურვის აღსანიშნავად დაინტერესებული მხარეებისთვის ღონისძიებას ჩაატარებს.
FAO-ს ცნობით, ღონისძიების მიზანი ევროკავშირის მხარდაჭერით, 12 მილიონ დოლარიანი პროგრამის ფარგლებში FAO-ს მიერ მიღწეული შედეგების წარმოდგენაა. ამასთანავე, B2B შეხვედრების მეშვეობით ფოკუსი ბენეფიციარების ერთმანეთთან დაკავშირებაზე გაკეთდება. ღონისძიებაზე მოხდება მომავალი ENPARD პროგრამის მე-4 ფაზის სასოფლო-სამეურნეო სისტემის მდგრადი განვითარების ძირეული პრიორიტეტების განხილვაც. ღონისძიება ექსპოჯორჯიაში დღეს 10 საათზე დაიწყება და 18 საათამდე გაგრძელდება.
„6.2 მილიონ დოლარზე მეტი გაცემული საგრანტო თანხით, ENPARD პროგრამის მე-3 ფაზა 350-ზე მეტ ფერმერსა და მწარმოებელს დაეხმარა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დაახლოებით 15 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებას შეუწყო ხელი. FAO-EU პროექტის ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ასპექტს წარმოადგენენ, რაც FAO-ს მდგრადი აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიზნებთანაა თანხვედრაში. შედეგად, 310 სრულ და 1,205 ნახევარ განაკვეთზე სამუშაო ადგილები შეიქმნება. მიზნობრივი თანაინვესტირების მექანიზმის მეშვეობით პროგრამის ბენეფიციარების პროდუქტიულობა საშუალოდ 46.7%-ით, წარმოება 69.3%-ით და ბრუნვა კი 75.1%-ით გაიზრდება“, - ნათქვამია ორგანიზაციის მეირ გავრცელებულ პრესრელიზში.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეები ასვე FAO-EU პროგრამის კორდინატორ ხავიერ სანს ალვარესის მიერ წარმოდგენილ პროექტის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გაეცნობიან, რის შემდეგაც პანელურ დისკუსიებზე დასწრებას შეძლებენ, რომლებიც შემდეგ საკითხებს მოიცავს: ფინანსებზე წვდომა; გარემოსდაცვითი საკითხები და საუკეთესო პრაქტიკები, საცალო მოვაჭრეები; ENPARD პროგრამის მე-4 ფაზის ფარგლებში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების მიმოხილვა.
„ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს პროექტის ექსტენციის კომპონენტმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში 1,900-ზე მეტ ფერმერს ღირებული ტექნიკური დახმარება და სერვისები გაუწია. ფერმერთა საველე სკოლების ფარგლებში, აგრონომების გუნდმა ტრენინგები 780 ფერმერს ჩაუტარა, რომლებიც სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან ერთად, რძის პროდუქტებსა და ბოსტნეულს აწარმოებენ. ბევრი მათგანი ქალი ფერმერია, რომელთა ნაწილი მეფუტკრეობის მიმართულებით მოღვაწეობს. ასევე, 300-ზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა ქალმა ინიციატივის „ინფორმირება, განათლება, გაძლიერება“ ფარგლებში ინფორმაცია გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. აღნიშნული კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად ხორციელდებოდა.
FAO-ს პროექტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA) და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებთან. FAO-ს გუნდი მათ ტექნიკურ დახმარებას უწევდა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა ასევე მოიცავდა ეროვნული სტრატეგიების შემუშავებას სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით, ტრენინგებს MEPA-სა და MEPA-ს სააგენტოების თანამშრომლებისთვის და რამდენიმე პოლიტიკის დოკუმენტსა და პოლიტიკის შეთავაზებებზე მუშაობას.
ბოლოს, მცირე მეწარმეებთან, კერძო სასოფლო-სამეურნეო ბიზნესებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, FAO-სა და ევროკავშირს საქართველოში უკეთესი წარმოების, უკეთესი კვების, უკეთესი გარემოსა და უკეთესი ცხოვრების უზრუნველყოფაში წვლილი ერთობლივად შეაქვთ. მარგინალურ ჯგუფებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობა, პროგრამის იმპლემენტაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა“, - აღნიშნული გავრცელებულ პრესრელიზში.
FAO-ს მიერ ENPARD პროგრამის მე-3 ფაზის შედეგების პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია; FAO-EU პროგრამის კორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი ჟორჟ დეუ დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ.
ცნობისთვის: ევროკავშირი სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში უჭერს მხარს. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირებაა. პროგრამის ENPARD პირველი ფაზა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე იყო ფოკუსირებული, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობის და მის მიღმა.




























