ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორის ზვიად ჩხარტიშვილის შეფასებით, „ფაქტია, [ფოთის პორტის] გაფართოების პროექტი გვიანდება“.
საქმე ის არის, რომ ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.
როგორც ზვიად ჩხარტიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, პორტის გაფართოების საკითხზე ეკონომიკის მინისტრს უკვე შეხვდნენ და მარიამ ქვრივიშვილმა საკითხზე პოზიციის ჩამოყალიბებისთვის ორი თვე ითხოვა.
„დაახლოებით, 2 თვე ითხოვა მინისტრმა და დაგვპირდა, რომ აუცილებლად დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას“, - თქვა მან.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი მტკიცებით ფორმაში საუბრისგან თავს იკავებს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაჭიანურების მთავარი მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტი იყოს.
„არ შეიძლება კონკურენტ პროექტზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფოს ამჟამად სხვა პრიორიტეტი აქვს და შეიძლება ამასაც დავუკავშიროთ.
ის კერძო და სახელმწიფო პარტნიორობით განსახორციელებელი პროექტია, ჩვენი სრულად კერძოა პროექტია; ჩვენ გვაქვს ასეთი რეალობა - ფოთის ნავსადგური საკმაოდ დიდი ხნის ისტორიის მატარებელია, 1858 წლიდან ფოთს საპორტო ქალაქის სტატუსი აქვს; ეს არაა მხოლოდ პორტის გაფართოების პროექტი. თქვენ რომ წარმოიდგინოთ, აქ არის 20-ზე მეტი საბაჟო ტერმინალი, რომელიც ფუნქციონირებს... არსებული რეალობიდან გამომდინარე, არ შეიძლება ეს [პროექტი] შეფერხდეს. ფოთის პორტის შეფერხება ნიშნავს რეგიონის და ცენტრალური აზიის შეფერხებას, რაზედაც გვაქვს აქცენტი და საიდანაც წამოსული ტვირთებიც უნდა შევინარჩუნოთ, რადგან გავა დრო, დამშვიდდება სიტუაცია სამეზობლოში და ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ნაკადები, ის სხვაგან გადამისამართდება. ტვირთი დანიშნულების პუნქტამდე ყოველთვის მიაღწევს, მაგრამ გვინდა, ჩვენი მარშრუტი გაიაროს....“, - აცხადებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი.




























