საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევების წინაშეა - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს.
მისი განმარტებით, განგაშის მიზეზი ხელისუფლების ის გადაწყვეტილებებია, რამაც ქვეყანა საერთაშორისოდ დაცული გაზსადენიდან ძველ, ამორტიზებულ ინფრასტრუქტურაზე გადაიყვანა და მნიშვნელოვნად გაზარდა რუსული „გაზპრომის“ წილი შიდა მოხმარებაში.
როგორც გოცირიძე განმარტავს, მთავარი პრობლემა ბაქო-თბილისი-ერზერუმის (შაჰ-დენიზის) საერთაშორისო მაგისტრალს უკავშირდება. საქართველომ ამ მილსადენში კუთვნილი სივრცე, საიდანაც ტრანზიტის საფასურს (გატარებული გაზის 5%-ს) და შეღავათიან აირს იღებდა, აზერბაიჯანს დაუთმო.
„დაახლოებით 1.6 - 1.7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ჩვენ უნდა მიგვეღო ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან, მაგრამ ორი წლის წინ საქართველოს მთავრობამ ეს სივრცე გადასცა აზერბაიჯანს. სანაცვლოდ, საქართველო გაზს ახლა ძველი საბჭოთა მილსადენით - „ყაზახი-საგურამოს“ ხაზით იღებს“ - ამბობს რომან გოცირიძე.
მისივე განმარტებით, განსხვავება ამ ორ გზას შორის კოლოსალურია. ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენი საერთაშორისო კონსორციუმის მფლობელობაშია და პოლიტიკურადაც და ფიზიკურადაც მაქსიმალურად არის დაცული. ყაზახი-საგურამოს მილსადენი კი, რომლითაც საქართველო ახლა მარაგდება, ამორტიზებული და ტექნიკურად გაუმართავია.
„ეს იყო ამორტიზებული, გაჩერებული, დახვრეტილი მილი... ის რთულ გეოგრაფიულ პირობებშია და საოკუპაციო ხაზთან ახლოს გადის. წნევის გაზრდის შემთხვევაში, ელემენტარულად შეიძლება გასკდეს.“
რომან გოცირიძე რუსეთიდან გაზის იმპორტის ზრდაზეც საუბრობს, რაც 2020 წელთან შედარებით ოთხჯერაა გაზრდილი.
„ფაქტობრივად მიგვაბამენ გაზპრომს. ეს არის როგორც პოლიტიკური ორიენტაციის დადასტურების საკითხი, ასევე კორუფციის საკითხი, ვინაიდან გაზპრომთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება საიდუმლოა და იქ კერძო ინტერესებია,“ - ამბობს გოცირიძე.
მისივე განმარტებით, ამ პროცესში საქართველო აშკარად წაგებულ პოზიციაშია, აზერბაიჯანი კი - მოგებულში. საქართველომ აზერბაიჯანულ მხარეს მილსადენის სიმძლავრის ის 7% დაუთმო, რომელსაც თავად ფლობდა.
„სწორედ ამ 1.7 მილიარდ კუბურ მეტრს აზერბაიჯანი გაიტანს ევროპაში, სადაც გაყიდის ორჯერ უფრო ძვირად. ვინ ხეირობს? რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი. ვინ ზარალობს? საქართველო, რომელსაც გაზი ისევ ექნება, ოღონდ არა უსაფრთხო მილსადენით და პოლიტიკური რისკებით" - ამბობს რომან გოცირიძე.
მისივე შეფასებით, ენერგეტიკული დათმობები ხელისუფლების საერთო სისუსტისა და საერთაშორისო იზოლაციის შედეგია.
„როდესაც ქვეყანა არის საერთაშორისო იზოლაციაში, როდესაც ხელისუფლებას არ ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, ისეა დასუსტებული, რომ ნებისმიერი მოთხოვნა მისთვის ფაქტობრივად დავალებაა. როდესაც ქვეყანა სუსტდება, მაშინ სუსტდება მისი საგარეო პოზიციებიც და ერთ-ერთი გამოძახილი სწორედ ეს გადაწყვეტილებაა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე და განმარტავს, რომ აღნიშნული პოლიტიკა ქვეყანას ენერგეტიკულ ხაფანგში აქცევს, სადაც რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია „გაზის ონკანის“ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება, როგორც ეს 2006 წელს უკვე მოხდა.




























