ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში გასულ წელს ფაქტობრივად ჩადებულმა ინვესტიციებმა დაგეგმილს გადააჭარბა. სემეკის წლიურ ანგარიშში მოყვანილია თითოეული მიმართულებით საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი.
ელექტროენერგეტიკის სექტორი
2023 წელს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში 347.3 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც დაგეგმილი ინვესტიცია 263.4 მლნ ლარი იყო.
სს „თელასმა“ ქსელში 53.1 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო, საიდანაც 19.7 მლნ ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტების პროექტების განხორციელებას მოხმარდა. 31.4 მლნ ლარი დაიხარჯა ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც 2023 წლისთვის დასრულდა 6 572 ახალი მიერთება.
ანალოგიური მიმართულებებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ განახორციელა ინვესტიციები, რამაც ჯამში 2023 წლისთვის 159.2 მლნ ლარი შეადგინა.
ბუნებრივი გაზის სექტორი
ინვესტიციებმა დაგეგმილს გადააჭარბა ბუნებრივი გაზის სექტორშიც. ხუთი უმსხვილესი კომპანიის მიერ 2023 წლისთვის დაგეგმილი იყო 113.8 მლნ ლარის ინვესტიცია, ხოლო ფაქტობრივად 179.4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
სემეკის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით 22.2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ.
გასულ წელს შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ 59.7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის, ექსპლუატაციაში შევიდა 22 კმ. გაზგამანაწილებელი ქსელი, ასევე განხორციელდა 95.5 კმ. სიგრძის არსებული გაზგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია, ხოლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 29 401 ახალი აბონენტი.
სს „საქორგგაზის“ მიერ ჯამში 44.8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კერძოდ, საანგარიშო წელს დასრულდა და ექსპლოატაციაში შევიდა 3.5 კმ. გაზგამანაწილებელი ქსელი, ასევე განხორციელდა 209 კმ. სიგრძის არსებული ქსელების რეაბილიტაცია, ხოლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 10 323 ახალი აბონენტი.
შპს „თბილისი ენერჯიმ“ განახორციელა 52.6 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები. სემეკის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს „თბილისი ენერჯი“ ჩაერთო მერიის მიერ თბილისში დაგეგმილი ქუჩების გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარე პროცესში, კერძოდ, შეცვალა აკაკი წერეთლის გამზირზე, ადამ მიცკევიჩის და უნივერსიტეტის ქუჩებზე მიწისქვეშა გაზსადენები. შესაბამისად, ინვესტიციების მნიშვნელოვან წილს შეადგენს გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობასა და რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოებსა და გაზიფიკაციაზე გაწეული დანახარჯები. ასევე კომპანიამ შეიძინა გაზის აღრიცხვის მოწყობილობები, მანქანა-მექანიზმები, საოფისე ინვენტარი და არამატერიალური აქტივები. განხორციელდა ახალი მომხმარებლების გაზიფიცირება და ა.შ.
წყალმომარაგების სექტორი
ორი მსხვილი ლიცენზიატი საწარმოს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ 2023 წელს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიცია ჯამში 468.7 მლნ ლარი იყო. მიზანს კი მომხმარებლებისთვის სათანადო წესით წყალმომარაგების მომსახურებით უზრუნველყოფისთვის, არსებული ქსელის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა, ასევე აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიმართულება წარმოადგენდა.