მოსახლეობის ბუნებრივი აირის ტარიფები განსხვავებულია. ფასი რეგიონებში შედარებით მაღალი მ3- ზე დაახლოებით 57 თეთრია, თბილისში კი 54 თეთრს შეადგენს.
ამ დროისთვის ბუნებრივი აირის ბაზარზე სამი ძირითადი მსხვილი გამანაწილებელი კომპანია ოპერირებს: „თბილისი ენერჯი“; „სოკარ ჯორჯია გაზი“ და სს „საქორგგაზი“ (სოკარის კუთვნილი კომპანია).
სემეკის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ "თბილისი ენერჯის" ყველაზე მეტი 622 517 მომხმარებელი ჰყავს, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის" მომხმარებელთა რაოდენობა 599 595 შეადგენს, სს „საქორგგაზის" შემთხვევაში მომხმარებელთა რიცხვი 314 872-ია.
რაც შეეხება ტარიფს, თბილისი ენერჯის შემთხვევაში მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით მ3-ზე 0.539 თეთრს შეადგენს, „სოკარ ჯორჯია გაზის" ტარიფი 56,93 თეთრია; "საქორგგაზის" მომსახურების არეალში [იმის გამო, რომ სს „საქორგგაზი“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ არიან, მათი მომსახურების სერვისცენტრები და სალიცენზიო გეოგრაფიული არეალი საერთო ბაზაზეა ინტეგრირებული] ტარიფი 56,99 თეთრს შეადგენს. შედარებით მცირე გამანაწილებლების შემთხვევაში მაგალითად შპს „თელავგაზი“, რომლის მოქმედების არეალი თელავია, 58.861 თეთრს შეადგენს. „ინტერ გაზის“ მოქმედების არეალი მოიცავს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს, აქ ტარიფი 49.297 თეთრია. სს „საჩხერეგაზის“ შემთხვევაში ტარიფი კუბურ მეტრზე 55.276 თეთრს შეადგენს.
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფს სემეკი ადგენს. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი რეგულირებული არ არის და განისაზღვრება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საჯარო შეთავაზების გზით, წინასწარ გამოცხადებული ფასის საფუძველზე.
საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. 2025 წელს ქვეყანამ მოხმარებული გაზის 99.6%-ს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იყიდა. ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს აზერბაიჯანი. გაზის მიღება აზერბაიჯანიდან ხორციელდება ორი წერტილიდან: სამხრეთ კავკასიური მილსადენის (South Caucasus Pipeline - SCP) მეშვეობით და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შესაბამისი მიღების პუნქტიდან, რომელიც აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნის ძირითად ნაწილს. დამატებითი მოცულობების, ასევე სეზონური და პიკური მოთხოვნის დასაბალანსებლად ბუნებრივი გაზის მიღება ხორციელდება ჩრდილოეთის მიმართულებიდანაც, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთიდან. სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და ოფციური ხელშეკრულებით მიღებული გაზია. 2024 წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1.6%-ით არის შემცირებული. სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც სემეკს უფლება ექნება, მოხმარებული გაზისა და წყლის მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს. პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ, რადგან კომისიამ მომდევნო წლის ტარიფებს 2026 წლის ბოლოს უნდა გადახედოს.
























