დეველოპერული კომპანია „არსის“ აქციონერი თორნიკე აბულაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს ყველაზე მსხვილმა ბიზნესასოციაციამ (BAG) პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს.
BMG-ის ინფორმაციით, საკუთარი პოზიცია თორნიკე აბულაძემ BAG-ის სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზეც დააფიქსირა, სადაც მსჯელობის ერთ-ერთი თემა სწორედ ეს იყო.
საქმე ის არის, რომ როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, 20 იანვარს BAG-ის სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით BAG-ის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება-არდაფიქსირების საკითხი იყო.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად კომპანია „არსი“ და თორნიკე აბულაძე freebusiness.ge-ის მოთხოვნებს უერთდება და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნა და პატიმრების გათავისუფლებაა.
BMG-სთან ინტერვიუში ბიზნესმენმა ის ფაქტორები დაასახელა, რატომაც მისი აზრით, ახლა BAG-მა პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს.
- პირველი ფაქტორი: მიმაჩნია, რომ ბიზნესასოციაციების მუშაობის ფორმატები არის განსხვავებული. მეორე ფაქტორი: ვიღაც მუშაობს საჯარო სივრცეში, ვიღაცა - არა. ბევრმა კომპანიამ, ვისაც სურდა მწვავე განცხადების საჯაროდ გაკეთება, გააკეთა კიდეც. ვიხილეთ სხვადასხვა ორგანიზაციის ერთობლივი განცხადებები და ასევე, არსებობს freebusiness.ge-ის პლატფორმა. მეც, ჩემი მყარი პოზიცია დავაფიქსირე სხვაგან და არა - BAG-ის ქოლგის ქვეშ...
- რა დაშავდება თუ BAG-ც, რომელიც ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაციაა, დააფიქსირებს საჯარო პოზიციას?
- მგონია, რომ საბოლოო ჯამში, BAG არის ლობისტური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს სხვა მიზნები და სხვანაირად დებს შედეგს სამთავრობო და სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობით. მეორე მხრივ, იქ 130-მდე წევრია და ჩვენ ვერ დავწერთ განცხადებას, რომელიც იქნება მისაღები ჩემთვისაც და ამ გაერთიანებაში მყოფი ყველა წევრისთვის და თუ კონსენსუსს მივაღწიეთ, ეს იქნება ისეთი განცხადება, რომელიც არც მე მომეწონება, არც ბიზნესების სხვა ჯგუფს და არც საზოგადოებას. მოკლედ, შანსი არაა, ამდენი განსხვავებული შეხედულების და პოლიტიკური გემოვნების მქონე ბიზნესმენმა ერთობლივი განცხადება დავდოთ, რომელიც იქნება კონკრეტული და არა - არაფრისმთქმელი. შესაბამისად, თავიდანვე ვთქვით, რომ ვინმეს თუ უნდა განცხადების გაკეთება,ცალკე გაავრცელოს ან freebusiness.ge-ის პლატფორმას შეუერთდეს, მაგრამ BAG-მ ეს არ უნდა გააკეთოს. იცით, მე მაქვს ასეთი განცდა, რომ სამწუხაროდ, ძალიან ბევრ აქტორს უნდა, გარკვეული პოლარიზაციის შემოტანა, მათ შორის ბიზნესშიც. როგორც კი ჩვენ დავიწყებთ განცხადებებს წერას, ეს გამოიწვევს პოლარიზაციას.
- როდესაც ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, რატომ არის შეუძლებელი ისეთი განცხადების დაწერა, სადაც BAG-ის წევრი ბიზნესების მოლოდინებზე დაყრდნობით ახსნილი იქნებოდა, რა ემუქრება ეკონომიკას უახლოეს 3 ან 6 თვში თუ კრიზისი არ განიმუხტა?
- Freebusiness.ge-ს პლატფორმის ფარგლებში ორი მთავარი მოთხოვნა დააფიქსირა 2400-ზე მეტმა ბიზნესმა, რომელთა შორის არიან BAG-ს წევრი კომპანიებიც - ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. რაც შეეხება ეკონომიკურ გამოწვევებს, ამ თემაზეც გაიმართა კონფერენცია, სადაც განხილულ იქნა, საით მიდის ქვეყანა... მოკლედ, რაღაც საკითხები არის, რაც მგონია, რომ საჯაროდ ვერ გადაწყდება და სჯობს, დიალოგის რეჟიმში გაკეთდეს.
- მოკლედ, მთავარი ფაქტორი, რატომაც მიგაჩნიათ, რომ სჯობს, BAG-მა პოზიცია არ დააფიქსიროს არის ის, რომ BAG ლობისტური ორგანიზაციაა და ყველანაირ ხელისუფლებასთან მისასვლელი გზა უნდა დაიტოვოს თუ არაფრისმთქმელ განცხადებას, სჯობს, საერთოდ არაფერი თქვას?
- ერთიც და მეორეც... BAG ყველა ხელისუფლებას უნდა ეთანამშრომლოს და დიალოგის გზები უნდა ეძებოს. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ შიგნით სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების და შეხედულების ბიზნესმენია; იქ მეც ვარ, რომელსაც სამშენებლო ნებართვა მჭირდება, მაგრამ არ მეშინია განცხადების გაკეთების… მიმაჩნია, რომ BAG ნებისმიერ მთავრობას უნდა ემუშაოს და ამაში იგულისხმება გარკვეული ზეწოლა ხელისუფლებაზე, ოღონდ არასაჯარო სივრცეში.
- არსებობს თუ არა ზღვარი თუ წითელი ხაზი, რომლის მერე BAG-მაც კი ხმა უნდა ამოიღოს?
- ვფიქრობ, BAG არის მომლაპარაკებელი; მას აქვს ხიდის ფუნქცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველასთან უნდა არსებობდეს კავშირი. შესაბამისად, კავშირს არ უნდა მოვთხოვოთ პოზიციის დაფიქსირება, რადგან ის მხოლოდ კავშირს უზრუნველყოფს, ამიტომ მგონია, რომ BAG-მ განცხადებები არ უნდა აკეთოს.




























