მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფაქტორინგის რეფორმა დისტრიბუციასა და რითეილს შორის დაპირისპირების საგანია

ფაქტორინგი

საქართველოს პარლამენტში ფაქტორინგის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელმაც სექტორებს შორის, აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა - თუკი სადისტრიბუციო და სექტორი ცვლილებებს საბრუნავი საშუალებების მობილიზების საუკეთესო გზად მიიჩნევს, რითეილ სექტორი მოსალოდნელ საფრთხეებსა და ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრობს.

"დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ახალი კანონმდებლობა ბიზნესს ლიკვიდობის პრობლემას მოუხსნის. ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე BMG-სთან ამბობს, რომ მთავარი სიახლე - მოვალის თანხმობის გარეშე ფაქტორინგით სარგებლობა - სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ეს კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია სადისტრიბუციო სექტორისთვის, ადგილობრივი წარმოებისთვის. დღეს არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული სარგებლობის შესაძლებლობა შეზღუდული იყო - კრედიტორი მოვალის თანხმობას საჭიროებდა და ის რედაქცია, რა რედაქციითაც დღეს არის წარდგენილი საქართველოს პარლამენტში, უკვე იძლევა იმ შესაძლებლობას, რომ მოვალის თანხმობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული სერვისით და ფაქტორინგის მეშვეობით მოახდინოს საბრუნავი საშუალებების მობილიზება და ამაში დაბალი პროცენტი გადაიხადოს. ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო გააჯანსაღებს საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობას, რადგან, არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობები - სადისტრიბუციო კომპანიას და ადგილობრივ მწარმოებელს არ შეეძლო მათი თანხმობის გარეშე ესარგებლა და კომერციული ბანკისთვის მიემართა. ამასთან, ფართოვდება კომერციული ბანკების გარდა სხვა პირთა წრეც, რომელსაც შეეძლება რეალურად ფაქტორინგის გამცემი იყოს და ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვან დადებით როლს შეასრულებს მთლიანად სექტორისთვის თანხების და საბრუნავი საშუალებების მობილიზებაში” - ამბობს ლაშა რიჟამაძე BMG-სთან.

სრულიად საპირისპირო მოლოდინები აქვთ რითეილ სექტორში. „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ფინანსურ რისკებს შეიცავს და შესაძლოა, ბიზნესს დამატებითი ტვირთი დააწვეს. რითეილერებისთვის რისკი სწორედ ე.წ. „უაქცეპტო“ (მოვალის დასტურის გარეშე) ჩამოჭრას უკავშირდება.

„რითეილ სექტორისთვის კანონპროექტის ყველაზე კრიტიკული ნაწილი სწორედ ისაა, რაც თანხის მოვალის დასტურის გარეშე ჩამოჭრის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ეს სექტორისთვის დიდ რისკებს შეიცავს. უნდა გვესმოდეს, რომ ანგარიშ-ფაქტურა ყოველთვის არ ასახავს საბოლოო გადასახდელ თანხას - არსებობს პროდუქციის დაბრუნება, დაზიანება, დანაკლისი და სხვა ფაქტორები, რაც საბოლოო ანგარიშსწორების ციფრს ცვლის.

თუ ფაქტორი - იქნება ეს ბანკი თუ კომპანია, თანხას ავტომატურად, ქსელის მხრიდან გადამოწმებისა და დასტურის გარეშე ჩამოჭრის, ეს უამრავ სასამართლო დავას გამოიწვევს, რაც სისტემას კიდევ უფრო გადატვირთავს” - აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი BMG-სთან.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „ფაქტორინგის შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს გაჩენას ისახავს მიზნად. რეფორმა, რომელზეც მთავრობა ეროვნულ ბანკთან და მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობდა, 15 სხვადასხვა კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმის მთავარი მიზანი დებიტორული დავალიანების მართვის გაუმჯობესებაა. პარლამენტში, კანონპროექტის განხილვისას აღინიშნა ისიც, რომ ამ გზით ბიზნესისთვის საბრუნავი კაპიტალის გაიაფდება, რაც საბოლოოდ, პროდუქტის ფასებზეც აისახება.

კანონპროექტის მიხედვით, ფაქტორინგული კომპანიები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს დაექვემდებარონ. ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის კომპანიებს 10,000 ლარიანი მოსაკრებლის გადახდა და კაპიტალის 300,000 ლარის შევსება მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები