მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტის/რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

ასოციაცია
20.12.23 20:47
199

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც არარეფერენტულ მედიკამენტებზე მარჟების საკითხს ეხებოდა.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ
მ/წლის 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებას არარეფერენტულ მედიკამენტებზე მარჟების
თაობაზე.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახავი კამპანია. იმ ვითარებაში, როდესაც სამინისტროს მხრიდან უპასუხოდ რჩება პრობლემატური საკითხები, ყველაზე მარტივი გზაა ფოკუსის გადატანა სხვა თემებზე.

ყოვლად მიუღებელია და ვგმობთ მსგავს დამოკიდებულებას, როდესაც დაუზუსტებელი, მცდარი ინფორმაციიასა და დაშვებების საფუძველზე ხდება ქვეყნის უმსხვილესი სექტორის წარმომადგენლების დადანაშაულება შეთქმულების თეორიებსა და კარტერულ გარიგებებში. გავრცელებული განცხადება გახლდათ მცდარი და ცილისმწამებლური.

გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ფარმაცევტული დარგი იცავს ყველა დაწესებულ რეგულაციას და არ აპირებს თავის მართლების რეჟიმში ყოფნას. ქვეყანაში მოქმედებს რეფერენტული ფასწარმოქმნის რეგულაცია. იმ ვითარებაში, როდესაც ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტების დიდი ნაწილი უკვე მოქცეულია რეგულაციაში, სამინისტროს რეალურ რეჟიმში მიუწვდება ხელი ყველა კომპანიის ინფორმაციაზე და ავრცელებს მსგავს მცდარ დაუზუსტებელ ინფორმაციას, აღნიშნული განცხადება აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება, რაც განპირობებულია სწორედ იმ ნაკლოვანების გადასაფარად, რაც რეალურად ვითარდება ბაზარზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არასწორად გატარებული რეფერენტული რეფორმის შედეგად.

ეს წარმოადგენს მსგავსი რეპუტაციის შემლახავი განცხადების გამოქვეყნების რეალურ მიზეზს და ნათელ პოზიციას, რომ სამინისტრო უარს აცხადებს დარგთან აწარმოოს კონსტრუქციული თანამშრომლობა.
ასოციაციისთვის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულ მედიკამენტებზე, ქსელებში მედიკამენტების შესასყიდ და გასაყიდ ფასთაშორის მარჟა საშუალოდ შეადგენს 3%-დან 30%-მდე და ისინი წარმოადგენენ მინიმალური ბრუნვის (გაყიდვების) მედიკამენტებს.

გარდა ამისა, იკვეთება, რომ სამინისტროს აქვს მცდელობა გაასაჯაროოს კომპანიების კომერციული
საიდუმლოება. გვსურს გულწრფელად განვაცხადოთ, რომ სამწუხაროა როდესაც მსგავსი ფორმატით ხდება ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს დარგსა და მარეგულირებელ ორგანოს შორის კომუნიკაცია, თუმცა ეს გარემოება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მოცემულობაა, სწორედ ის დისტანცირდა
სექტორისგან და არ სურს რეალური სურათის დანახვა.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას", - წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები