მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაში შენობის ენერგო სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო გახდება

646f6f0b90997
ელენე გოგბერაშვილი
25.05.23 21:32
1247
1 ივლისიდან, ძალაში შედის ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.

კომპანია "ინტეკის" უფროსი მრჩევლის განმარტებით, რომელიც კონსულტაციებს უწევს რეფორმის დანერგვის პროცესში ეკონომიკის სამინისტროს, BM.GE-სთან განმარტავს, რომ უკვე არსებობს SOFT, სადაც ყველა კომპანიას შეუძლია მასალები, რომელსაც მშენებლობაში გამოიყენებს, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით. თუ აკმაყოფილებს, მიიღებს შესაბამისობის დეკლარაციას, რაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი იქნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოს.

ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების შემოღების შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო კლასები მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს და წლის ბოლომდე მზად იქნება შენობების ენერგომახასიათებლობის სერთიფიცირების წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, მას უნდა გააჩნდეს ენერგო სერთიფიკატი, თუ რომელ ენერგო კლასს მიეკუთვნება ის. ვახტანგ ბეგაშვილის განმარტებით, მინიმალური ენერგოეფეტურობის სტანდარტების მქონე შენობა, მომავალში D კლასს მიეკუთვნება, თუმცა შესაძლებელია უკეთესი სტანდარტის შენობის აშენება, რომელსაც A, ან B კლასი მიენიჭება. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ენერგო კლასისი სერთიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება შენობის ან ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაშიც.

„რეფორმების შემდეგ ეტაპზე აუცილებელი იქნება ფართის გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში ენერგოკლასის წარდგენა მყიდველისთვის. მყიდველმა უნდა იცოდეს, თუ რას ყიდულობს, რომელ შენობაში შედის, რომ იცოდეს რა მოსალოდნელი საოპერაციო ხარჯების ელის.

სერტიფიკატს გასცემს აკრედიტირებული ექსპერტი. ამ ექსპერტების გადამზადების პროგრამები მუშავდება ახლა და ეს იქნება ცალკე პროფესია, სერტიფიცირებული პროფესია და ამ პროფესიის წარმომადგენლებს ექნებათ მხოლოდ უფლება გასცენ ეს დოკუმენტი“,-აცხადებს ვახტანგ ბეგაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები