ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დღეს განაცხადა, რომ თბილისიდან ჩრდილოეთით მიმავალ გზაზე მთავრობა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას გეგმავს. მათ შორის იგეგმება ფასანაურის და სტეფანწმინდის შემოვლითი გზების მშენებლობა. ასევე მოდერნიზება ჩაუტარდება და 4-ზოლიან გზად გადაკეთდება წიწამური-ჟინვალის 27-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი.
"აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფანთან დაკავშირებით. ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც უნიკალური ყველაზე მაღალი ხიდი შენდება, ასევე დასრულებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი.
მიმდინარეობს სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, სადაც უნიკალური 2-კილომეტრიანი ხიდი შენდება. მომდევნო წლის დასაწყისში ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს არშა-სტეფანწმინდის მონაკვეთზე და ამ პროექტების დასრულება შესაძლებლობას მოგვცემს რომ თბილისიდან სტეფანწმინდაში საათნახევარში ჩავიდეთ.
ასევე მნიშვნელოვანია წიწამური-ჟინვალის მონაკვეთი, რომლის მშენებლობას ვფიქრობთ, რომ მომდევნო წელს დავიწყოთ. ასევე ფასანაურის შემოვლითი 6-კილომეტრიანი გზა, რაც საბოლოო ჯამში ეს იქნება არამხოლოდ სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა, არამედ ამ რეგიონის ტურისტული და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი," - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის ეტაპზეა სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, სადაც 2 კილომეტრის სიგრძის ესტაკადა და 846 მეტრის და 460 მეტრის სიგრძის გვირაბები შენდება. ამ პროექტის ღირებულება 212 მილიონ ლარს შეადგენს.
ასევე, მიმდინარეობს წიწამური ჟინვალის 27-კილომეტრიანი გზის საპროექტო დოკუმენტაციაზე გზშ ნებართვის გაცემის სამუშაოები. წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ამ გზაზე 16 ხიდის მშენებლობა არის დაგეგმილი.
დასრულების ეტაპზეა ჩრდილოეთი-სამხრეთის სტეფანწმინდის შემოვლითი 4.1-კილომეტრიანი გზის პროექტის გზშ პროცესი, რის შემდეგაც სამინისტრო მისი მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს.
რაც შეეხება ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგნოზით გზის მშენებლობის დასრულებამ 2028 წლისთვის გადაიწია, რაც ქვეყანაში ყველაზე გრძელი 466-მეტრიანი თაღოვანი ხიდის მშენებლობის სირთულეებს უკავშირდება. თუმცა, გზის ამავე მონაკვეთზე მდებარე 9-კილომეტრიანი გვირაბი უკვე გაჭრილია და ამჟამად მისი შიდა მოსახვა მიმდინარეობს.




























