მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ფასდაკლებებს უფრო სისტემური სახით მივუდგებით“ - რას გულისხმობს რითეილ ასოციაციის „საოჯახო კალათა?“

სურსათის ფასი

„ბიზნესი სთავაზობს საზოგადოებას იმას, რასაც აქამდეც ვაკეთებდით, უბრალოდ ამას უფრო სისტემური ხასიათი მიეცემა“ - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ და „გუდვილის“ დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, საცალო ვაჭრობის სექტორი ფასების პოლიტიკაში ე.წ. High-Low მოდელს უფრო სისტემურ სახეს მისცემენ, რაც პირველადი პროდუქტების კატეგორიაში მუდმივ ფასდაკლებებს მოიაზრებს.

„აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ფასების პოლიტიკაზე მოქმედებს ე.წ. „მაღალი-დაბალი“ ფასების პრინციპი. წარმოდგენილია მისი სტრუქტურაც: რეგულარულ ფასზე ქსელების გაყიდვების დაახლოებით 20% მოდის, საშუალო მასშტაბის ფასდაკლებებზე დაახლოებით 30%, ხოლო ე.წ. ღრმა ფასდაკლებულ პროდუქტებზე 50%.

ჩვენი განცხადების ფარგლებში, რითეილ ასოციაციის სახელით, გავაჟღერეთ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი წევრებისგან ვფლობთ: ასოციაციის წევრი კომპანიები გეგმავენ ამ პროცესისთვის უფრო სისტემური ხასიათის მიცემას. კერძოდ, საუბარია „საოჯახო“ ან „სენსიტიური“ პროდუქტების კალათაზე.

მაგალითად, ავიღოთ მაკარონის კატეგორია: თუ კონკრეტულ ქსელს აქვს, ვთქვათ, 10 დასახელების მაკარონი, მიზანია, რომ მინიმუმ ერთ პროდუქტზე მუდმივად არსებობდეს ღრმა ფასდაკლება ან სპეციალური შეთავაზება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც ფასი გადამწყვეტი ფაქტორია. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი მომხმარებლები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დაახლოებით 60%-ზე მეტს შეადგენენ.

ბიზნესი, ფაქტობრივად, საზოგადოებას სთავაზობს იმას, რასაც აქამდეც აკეთებდა, თუმცა ახლა ეს უფრო სისტემურად განხორციელდება. მაგალითად, შესაძლოა ადრე ყოფილიყო პერიოდი, როცა რომელიმე ქსელს გარკვეული კატეგორიის, ვთქვათ, ბრინჯის, არც ერთ პროდუქტზე არ ჰქონდა აქცია. ახალი მიდგომის ფარგლებში, ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდება“, - განაცხადა ხაბაშვილმა.

კითხვაზე ხომ არ გამოიწვევს ეს სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდას, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამის კომპენსირება სხვა პროდუქტების ფასების ზრდით არ იგეგმება.

„პასუხია არა. ამის კომპენსირება ამ გზით არ მოხდება. მიზეზი ის არის, რომ აღნიშნული მოდელი ვერ განხორციელდება მხოლოდ საცალო ქსელების ძალისხმევით. ეს მწარმოებლების, დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების ერთობლივი შეთანხმების შედეგია.

ასევე, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ საუბარი არ არის ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, რომელიც ყველა ქსელში ერთნაირი პირობებით იქნება წარმოდგენილი. თითოეული ქსელი თავად გადაწყვეტს რომელ სასაქონლო ჯგუფზე იმუშავებს, კონკრეტულად რომელ პროდუქტს შეარჩევს და რა ტიპის ფასდაკლებას შესთავაზებს მომხმარებელს.

შესაბამისად, ერთ ქსელში მომხმარებელი შეიძლება შეხვდეს კონკრეტულ პროდუქტს ერთ ფასად, სხვა ქსელში უფრო იაფად, ხოლო მესამე ქსელში შედარებით ძვირად. ეს ბუნებრივია, რადგან თითოეულ ქსელს აქვს საკუთარი შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ხაბაშვილმა.

ასოციაციაში გრძელვადაში ფასის შემცირების წინაპირობებზეც ისაუბრეს და ამის საშუალებად ლოგისტიკური ჯაჭვების გამართვა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერება დაასახელეს.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მიწოდების ჯაჭვის სირთულე და არაოპტიმიზირებულობა. დღეს პროდუქტი მწარმოებლიდან მომხმარებლამდე რამდენიმე ეტაპის გავლით ხვდება, მწარმოებელი ამატებს საკუთარ მარჟას, შემდეგ დისტრიბუტორი და მხოლოდ ამის შემდეგ პროდუქტი ჩნდება დახლზე. ეს კი საბოლოო ფასს ზრდის. შესაბამისად, ლოგისტიკური ჯაჭვის გამარტივება და დამოკლება საშუალო ვადაში შესაძლებელია და გრძელვადიანად ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების გაძლიერება. თუ ძირითადი ნედლეულის წარმოება არ გაიზრდება, საქართველო კვლავ დამოკიდებული დარჩება საერთაშორისო ფასებსა და ლოგისტიკურ ხარჯებზე. მაგალითად, ადგილობრივ ფერმერთან რძის ფასი უკვე უტოლდება ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მაღაზიაში არსებულ ფასს, რაც მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე.

მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესება ბიზნესის პასუხისმგებლობაა, თუმცა პროცესის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერაც მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითა და ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამებით“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გიორგი ხაბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2.5 თვიანი მუშაობის შემდეგ საპარლამენტო კომისიამ 1 მაისს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მხიედვითაც, საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ერთ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული.

დოკუმენტის მიხედვით, ფასს ერთობლივად განსაზღვრავს მთელი ჯაჭვი, - მწარმოებლიდან მომხმარებლამდე. შესაბამისად, ფასების შემცირება მოკლევადიან პერიოდში რთულია და ის სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს.

კვლევა აჩვენებს, რომ საცალო ბაზარი კონკურენტულია და „ზედმეტი მარჟები“ არ ფიქსირდება. ამასთან, ფასების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ თვითღირებულება, არამედ კომერციული პირობები და საბრუნავი კაპიტალი.

ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა ე.წ. „მაღალი-დაბალი“ ფასების მოდელი, სადაც გაყიდვების 70-80% აქციების პერიოდში ხდება. შედეგად, მომხმარებელი ხშირად პროდუქტს თაროს ფასზე იაფად ყიდულობს.

კომისია გამოყოფს რამდენიმე პრობლემას, რომელიც ფასის შემცირებას აფერხებს - ესაა გადახდების ხანგრძლივი ვადები, ლოგისტიკის არაეფექტიანობა და ბაზარზე დაბალი გამჭვირვალობა.

დასკვნის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უკავშირდება ფასების ადმინისტრაციული კონტროლის ეფექტიანობას, ნათქვამია რომ სისტემა ამ მხრივ არაეფექტიანია და შესაძლოა უარყოფითი შედეგებიც გამოიწვიოს, მათ შორის შესაძლოა შემცირდეს მიწოდება და გრძელვადიან პერიოდში არათუ გაიაფდეს, არამედ ამის გამო ფასი გაიზარდოს.

კომისია რეკომენდაციას აძლევს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილოს სტრუქტურულ ცვლილებებზე, ლოგისტიკის გაუმჯობესებაზე, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასა და კონკურენციის გაძლიერებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები