კომპანიების RENTALS -სა და Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი, ზურაბ ერისთავი BM.GE-სთან უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი მეტ-ნაკლებად სტაბილურობით ხასიათდება.
მისივე თქმით, გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში, რომელიც 1 წლით და მეტი დროით დაქირავებას გულისხმობს, ფასების ზრდა მოსალოდნელი აღარ არის.
„ფასებში ის პიკური "ავარდნები", რაც 2 წლის წინ დაფიქსირდა, ეს ფაქტორი მეტ-ნაკლებად დაბალანსდა. გვახსოვს, როდესაც ქირაზე ფასები ფაქტობრივად 100%-ით იყო გაზრდილი, რაც დროთა განმავლობაში კვლავ ჩამოვიდა და ამ დროისათვის ასვლა-ჩამოსვლის მომენტი დასტაბილურებულია.
თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ვიღაცისთვის ეს ბიზნესია, ცხადია მათ გაზრდილი ფასების პირობებში მეტად იხეირეს. ის ფაქტორები, რამაც ფასების ზრდა განაპირობა, არ იყო ორგანული. ეს იყო კატაკლიზმებით გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოებები, რამაც ჩვენს ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვნად იმოქმედა. ამ ეტაპზე, მე არ ველოდები ქირაზე ფასების არც ზრდას და არც რაიმე მნიშვნელოვან კლებას, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გარემო ფაქტორები არ იქნება“,- აცხადებს ერისთავი.
რაც შეეხება მოკლევადიან გაქირავებას, რომელიც ძირითადად დღიურად ქირავდება, მისი თქმით, ეს მკვეთრად სეზონური ბიზნესია, ამიტომ აქ ფასებმა შეიძლება მოიმატოს, განსხვავებით გრძელვადიანი გაქირავებიდან.