მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასები, რომელიც დღესაა, ვერცერთი სერიოზული ჰესის მშენებლობას ვერ დააკმაყოფილებს - პაატა ტრაპაიძე

პაატა ტრაპაიძე

„კავკასუს როუდ პროჯექტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ ის ფასები, რომელიც დღესაა, ვერცერთი სერიოზული ჰესის მშენებლობას ვერ დააკმაყოფილებს. მისი თქმით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფასები არნახულადაა გაზრდილი. როგორც ტრაპაიძე ამბობს, ამ ეტაპზე ენერგეტიკული რესურსის ფასს ენგურჰესის გენერაცია აბალანსებს და ეს, ბოლო აუქციონის ფასებმაც ცხადყო.

"ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფასები არნახულადაა გაზრდილი. ეს პირველი რიგში გამოიწვია ინფლაციამ, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ხელფასებზე. მეორე, ის, რომ ერთი მხრივ ეკონომიკისთვის კარგია, როცა დოლარი ჩამოვიდა 3.30-დან 2.65-ზე, მაგრამ ჩვენ დოლარის კონტრაქტები გვაქვს მშენებლობებზე და ესეც ძალიან მოქმედებს. გარდა ამისა, ნავთობი ახლაც ძვირდება, ენერგორესურსები ძვირდება და მე მიმაჩნია, რომ ფასები, რომელიც დღეს არის, ვერცერთი სერიოზული ჰესის მშენებლობას ვერ დააკმაყოფილებს.

განსაკუთრებით ფასი, რომელიც ბოლო აუქციონზე დაფიქსირდა, კატასტროფაა. რეალისტური ფასი დღეს უნდა იყოს 7-8 ცენტი. თუმცა, ესეც მესმის, რომ ეს თანხაც ჰაერიდან არ მოდის, საიდანღაც უნდა მოვიდეს. ჩვენ გაცილებით ნაკლებს ვიხდით, ჩვენთან ახლა ენერგეტიკული რესურსის ფასს აბალანსებს ენგური. 7-8 ცენტი თბოელექტროსადგურების წარმოებულ ენერგიაზე ადეკვატურია. ახლა მეტის თქმა ძალიან გამიჭირდება", - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგები ასეთია:

  • ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე, მედიანური ტარიფი - 6,50 აშშ ცენტი
  • მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი:
  • (1-4 სთ) – 7,50 აშშ ცენტი
  • (4-8 სთ) – 7,74 აშშ ცენტი
  • (8სთ>) – 10,35 აშშ ცენტი
  • ქარის ელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი - 6,00 აშშ ცენტი
  • ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 8,60 აშშ ცენტი
  • მზის ელექტროსადგური, მედიანური ტარიფი - 5,60 აშშ ცენტი
  • მზის ელექტროსადგური ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 6,39 აშშ ცენტი
  • სხვა განახლებადები, მედიანური ტარიფი - 15,35 აშშ ცენტი.

CFD აუქციონი გამოცხადდა 800 მგვტ სიმძლავრეზე, მათ შორის:

ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) – 300 მგვტ; საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (1-4 სთ) – 50 მგვტ; დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (4-8სთ) – 100 მგვტ; დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (8სთ >) - 150 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე - 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

აუქციონზე 147 პროექტი იქნა წარმოდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები