მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორუფცია თავისთავად არ არსებობს" - რა რეფორმები სჭირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს?|ინტერვიუ

პაატა ტრაპაიძე

იმისათვის, რომ [პრობლემას] ვუმკურნალოთ, აუცილებლად უნდა დავსვათ სწორი დიაგნოზი, თორემ არასწორი დიაგნოზის შემთხვევაში, მკურნალობა სახიფათოც კი არის“, - ასე ეხმაურება კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ მუნიციპალური განვითარების ფონდში გამოვლენილ პრობლემებს, სადაც კორუფციის ფაქტებიც გამოიკვეთა.

როგორც ცნობილია, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დააკავეს უკვე ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. თავად ირაკლი ქარსელაძის სახლი კი გაჩხრიკეს. გარდა ამისა, ამავე საქმის ფარგლებში უკვე დაკავებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ტაბიძე სამსახურებრივი გულგრილობისთვის - მას 300 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. „მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა“, - განაცხადა თავად ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში.

პაატა ტრაპაიძე დარწმუნებულია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მაშინ იქნება შედეგიანი, როცა ჩამოყალიბდება ჰორიზონტალური, გამჭვირვალე მმართველობის მოდელი, რაც დასავლეთის ქვეყნებშია.

„ამდენად, სანამ არ დავსვამთ სწორ დიაგნოზს, არ შეიძლება მკურნალობის დაწყება. ქირურგიას აქვს კანონი - „არ ავნო მაინც“, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ბიზნესში 20 წელია საქმიანობს და ასევე, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ბიზნესმენის შეფასებით, კორუფცია თავისთავად არ არსებობს - კორუფციისთვის იქმნება პირობები“ და ამ პირობებს ქმნის მოძველებული მართვის მოდელები.

კერძოდ, მისი თქმით, საქართველოს ინფრასტრუქტურული სისტემა და მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ მმართველობის მოდელი არ შეცვლილა.

„2012 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი იყო 300–350 მილიონი ლარი, შარშან კი 2 მილიარდზე მეტი. ამ მასშტაბზე გადასვლისას სტრუქტურამ მართვის მოდელი არ შეცვალა. რამდენი თანამშრომელი მუშაობდა სამინისტროში 2012 წელს და რამდენია ახლა?! შეიძლება, რომ 350-მილიონიან ბიუჯეტს და იმ პროექტებს და 2-მილიარდიან პროექტებს [კადრების] მიზერული რაოდენობის ცვლილება მოჰყვეს?! თუ არ გინდა, რომ კორუფციის პირობები შეიქმნას, უნდა გაათანამედროვო სისტემა“, - ამბობს პაატა ტრაპაიძე.

მისი აზრით, გამოსავალია, სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯმენტი კერძო სექტორს, ნაწილობრივ, აუთსორსინგზე“ გადასცეს.

„ვფიქრობ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რაღაც რაოდენობა პროექტების უნდა გაიტანოს „აუტსორსინგზე“. მაგალითად, როგორც „თიბისი ბანკმა“ გააკეთა - [ახალ შენობას როცა აშენებდა], აიყვანა მენეჯმენტ კომპანია... კერძო სექტორი ამ საქმეში უფრო მოქნილია და იცის, როგორ იმუშაოს ეფექტიანად“, - განმარტავს ბიზნესმენი.

ამასთან, პაატა ტრაპაიძე მიიჩნევს, ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რომლის მთავარი მომხმარებელი საქართველოს მოქალაქეები არიან, სახელმწიფოს [ბიუროკრატიას] და ბიზნესს [დაკვეთის შემსრულებლებს] შორის პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია.

ჯიუტ ბიუროკრატზე საშინელება ეკონომიკისთვის არ არსებობს“, - თქვა ბიზნესმენმა წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე შეაქო კიდეც.

რევაზ სოხაძის გუნდთან საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი. პირველივე ეტაპზე, როცა ვერ შევთანხმდით [ერთ-ერთი პროექტის] თანხაზე, კომპრომისი მოვნახეთ - ეს უკვე დიდი პლუსია“, - ამბობს ის.

რაც შეეხება მინისტრის მიერ გახმაურებულ მილიარდიან პრობლემურ პროექტებს, პაატა ტრაპაიძეს მიაჩნია, რომ ეს მენეჯმენტის სისუსტეზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შედეგიანი, თუ საქართველო საბოლოოდ უარს იტყვის ვერტიკალურ, პირამიდულ მმართველობაზე და გადავა ჰორიზონტალურ მმართველობაზე, სადაც გადაწყვეტილებები დეცენტრალიზებულად მიიღება და მოქალაქე, როგორც მთავარი მომხმარებელი, სისტემის ცენტრშია.

- თუ ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში მილიარდზე მეტი პრობლემური პროექტია და ამას ახლა ვიგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა ვერ მუშაობდა. ახალმა მინისტრმა ჩაატარა აუდიტი და გაოცებული დარჩა - მესმის მისი რეაქცია, მაგრამ კითხვა რჩება: აქამდე სად ვიყავით?!

- დიახ, თან როცა ხელისუფლება არ შეცვლილა და დღეს ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია, წინა წლებში პარლამენტში საქმიანობდა, რომელიც მთავრობის მაკონტროლებელი ორგანოა - მაგალითად, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ამდენად, გჯერათ, რომ ოცნებამ“ კორუფციას სისტემური ბრძოლა გამოუცხადა?

გამოჩნდება... იმდენი რაღაცა მაქვს ნანახი, სანამ რეზულტატს არ დავინახავ, არც პრეტენზია არ მაქვს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ერთი რამ ვიცი: თუ მმართველობის სტილი არ შეიცვლება და არ დაინერგება ჰორიზონტალური მმართველობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და საერთოდ, მთავრობაში, მანამდე სულ იქნება პრობლემები. დიდი ხანია, მიხვდა დასავლეთი, რომ ჰორიზონტალური მმართველობის გარეშე კორუფციას ვერავინ გაექცევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები