PEGAS Touristik Georgia-სა და PEGAS Touristik Azerbaijan-ის დირექტორის, სალომე ბერაიას თქმით, ფასების შემცირება ტურისტულ ბაზარზე მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულის სეზონი სექტორში საკმაოდ ტურბულენტური აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში ფასების ვარდნაც შეინიშნებოდა (განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით), ეს ბაზრის ბუნებრივი ცვლილებით არ იყო გამოწვეული.
„ეს იყო კონკრეტული ტუროპერატორების არასწორი დაგეგმვის შედეგი. მათ სეზონისთვის იმაზე მეტი ადგილი დაჯავშნეს, ვიდრე გაყიდვა შეეძლოთ. როდესაც რეალობაში ადგილები არ ივსება, ფასი ხელოვნურად მცირდება, მაგრამ ეს არ ასახავს ბაზრის რეალურ მდგომარეობას“, - განმარტა ბერაიამ.
მისივე თქმით, PEGAS Touristik ამ პრობლემის წინაშე არ დამდგარა და არც ფასების ვარდნა დაუფიქსირებიათ. შესაბამისად, ფასების მნიშვნელოვან ცვალებადობას არ ელიან და მოლოდინია, რომ ტურისტულ სფეროში სტაბილური ფასწარმოქმნა შენარჩუნდება.
„ფასების კორექტირება ჩვენგან დამოუკიდებლად არასწორი დაგეგმვის შედეგია და არა მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო ცვლილება. ამიტომ გაიაფებას არ ველით“, - აღნიშნა სალომე ბერაიამ.




























