„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ადასტურებს, რომ ადგილობრივი ხილისა და ბოსტნეული სარეალიზაციო ფასი მაღალია, თუმცა ამის მიზეზად არა მოგების მაღალ მარჟას, არამედ რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს. მათ შორის მისი შეფასებით, საგადასახადო პოლიტიკა, ინფლაცია, ადგილობრივი წარმოების სიმცირე და მზარდი იმპორტია.
„ყველაზე მთავარი ფაქტორი მაღალი ფასის არის ინფლაცია. მეორე საკითხი არის ადგილობრივი წარმოების მცირე მოცულობა. თავისუფლად შეიძლება ჩვენთან ვაწარმოოთ ის რაოდენობა, რომელიც მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ამისთვის თვითონ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს განსაზღვრული და ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული ქვეყნის ეკონომიკა, რომ უზრუნველყოს ღია ბაზარი, მაგრამ ადგილობრივ წარმოებასაც ჰქონდეს ხელშეწყობა. წახალისებული უნდა იყოს შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკით, საინვესტიციო გარემოთი. ამისთვის საჭიროა სამართლიანი პირობები, რათა მიმზიდველი გახდეს ეს ქვეყანა ფული ჩასადებად არა მხოლოდ ერთ რაღაცა კონკრეტულ სექტორში, არამედ თანაბრად. ამის შედეგს იგრძნოს შემდეგ თითოეული ჩვენთაგანი
ნაკლებად კორუფციული გარემო უნდა გვქონდეს. ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი დაჭერების სერია სწორედ იმ ადამიანების, ვინც პირველ რიგში არიან პასუხისმგებლები იმ კონკრეტულ პროექტებზე. პროექტების მართვის სააგენტო მაქვს მხედველობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებობს ასეთი. კი ბატონო, იყო რაღაცა პროექტები, რომლებიც მცირე წარმატებებს აღწევდნენ, მაგრამ მას არ მიუღია ისეთი ფართომასშტაბიანი შედეგი, რომელზეdaც უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენნაირი ტიპის ქვეყანა.“ - აცხადებს ბეჟიტაშვილი.
„საქმიანი დილის“ ეთერში ბეჟიტაშვილმა განაცხადა, რომ ფასების კლების რესურსი ამ მოცემულობაში არ არსებობს, ხელისუფლების მიდგომა კი რომელიც პროცესში საგამოძიებო სამსახურების ჩართვას მოიაზრებს, მაქსიმუმ მოკლევადიანი იქნება.
ხილ-ბოსტნეულთა ასოციაციაში მიიჩნევენ, ამის მიღწევა სწორი დაგეგმარებით, ეფექტიანი მენეჯმენტით, სტრუქტურულ რეფორმებისა და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებით იქნება შესაძლებელი.
„საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ამ მხრივ. ფაქტობრივად ვუყურებთ, რომ ჩვენი ისედაც მცირე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნახევარი დაუმუშავებელია. დაუმუშავებელი მიწებიდან ხომ ვერ დაველოდებით მოსავალს? ამას სჭირდება სწორი დაგეგმარება, მენეჯმენტი, კომპეტენტური ადამიანების ჩართულობა, მთელი რიგი რეფორმები და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება. გამსხვილებული მეურნეობები იძლევა იმის საშუალებას, რომ მეტად განახორციელონ ინვესტიციები და ახალი ტექნოლოგიები მოიზიდონ, რის შედეგადაც პროდუქციის მოყვანა დაუჯდებათ იაფი და გახდებიან უფრო კონკურენტულები იმპორტულ პროდუქციასთან მიმართებით. შუალედია მოსაძებნი პროტექციონიზმსა და თავისუფალ ბაზარს შორის. მაშინ, როდესაც არის ჭარბმოსავლიანობა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ შემოდის დამატებითი იმპორტი და ჩვენს ფერმერებს არ აქვთ იმის გარანტია და დაცულობა, რომ თუნდაც ქვეყნის შიდა ბაზარზე, პრიორიტეტი მიენიჭება ადგილობრივს. როდესაც არ არსებობს დაცულობა, ისედაც მაღალრისკიან სფეროში რა თქმა უნდა, ფულის ჩადება არცერთ ბიზნესს არ მოუნდება.
დღეს ფასების კლების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს, სპეცსამსახურების ჩარევის შედეგად ეს რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. რაღაცა შესაძლებელია ერთჯერადი ეფექტი იქონიოს იმ, იმ ვიწრო სეგმენტში, რომელშიც მართლაც და ძალიან კატასტროფულად მომატებული ფასები აქვს, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ შეეხება პირველადი მოხმარების ფასებს.“ - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოცნების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სურსათის ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს. როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.




























