მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასების კომისია" შოუა. იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ მოსახლეობას "ოცნების" ნამდვილი სახე დავანახოთ|დეპუტატი

დაჯი კოვზირიძე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი დაჯი კოვზირიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ, ფასების შემცირების მიზნით შექმნილი ე.წ. ფასების კომისია მხოლოდ პოლიტიკური სანახაობაა და შედეგს ვერ მოიტანს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა „ფასების კომისიის“ მუშაობა იყო.

"ქართული ოცნება“ ხშირად ატარებს შიდა კვლევებს და მმართველობის მე-14 წელს, „მოულოდნელად აღმოაჩინეს“, რომ ჩვენს ქვეყანაში საკვები პროდუქტები, საწვავი და მედიკამენტები ძალიან ძვირია - ევროპულ ფასებზე ძვირიც კი. რატომღაც ახლა აღმოაჩინეს ეს რეალობა, რაზედაც ხალხი დიდი ხანია წუხს. მიხვდნენ რა შექმნილ ვითარებას, გადაწყვიტეს ამ ფორმით აჩვენონ საზოგადოებასა და საკუთარ ამომრჩეველს, თითქოს ზრუნავენ და ფასების გაიაფებას ცდილობენ. დიახ, ეს არის ჩვეულებრივი სანახაობა, მორიგი შოუ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოზე მზრუნველი პარტიის იმიჯის შესაქმნელადაა გათვლილი“, - ამბობს დეპუტატი, რომელიც „ფასების კომისიის“ წევრია.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კომისია არაეფექტიანია, რატომ იღებს მასში მონაწილეობას გიორგი გახარიას პარტიის საპარლამენტო გუნდი, დეპუტატმა განაცხადა, რომ მიზანი მმართველი გუნდის მხილებაა.

"ამ შოუში იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ სწორედაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ღარიბ და გაჭირვებულ მოსახლეობას დავანახოთ "ქართული ოცნების" ნამდვილი სახე. მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო“, - აღნიშნა მან.

"შეგიძლიათ მედიკამენტები 5-10%-ით გააიაფოთ“?.. „შეგიძლიათ, ხუთი ყველაზე მოხმარებადი სასურსათო პროდუქტი რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი, მაკარონი 10%-ით გააიაფოთ?“ - ეს ის კითხვებია, რომლითაც დაჯი კოვზირიძე სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თითქმის ყველა სხდომაზე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელს მიმართავს და კერძო სექტორისგან, ძირითადად, უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ, „ფასების კომისიის“ თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილს მოუწოდებს, გამოიჩინოს სიმამაცე და აუხსნას ირაკლი კობახიძეს, რომ ფასების შემცირება არ გამოდის.

„წერტილთან“ ინტერვიუში დეპუტატმა განმარტა, რატომ სვამს სხდომებზე მუდმივად კითხვებს ფასების კლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესსექტორი ამის რესურსს ვერ ხედავს.

„საქართველოში 3 მილიონ 700 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს - შესაძლოა, უკვე ნაკლებიც და მათგან მილიონ-ნახევარი თავს ღარიბად მიიჩნევს. მათ აინტერესებთ, დაიკლებს თუ არა ფასი პურ-პროდუქტებზე, რძის ნაწარმსა თუ მედიკამენტებზე; მათ სჭირდებათ კონკრეტული რიცხვები და თანხები. სწორედ ამიტომ ვსვამ პირდაპირ კითხვებს, თუმცა პასუხი მუდმივად ერთია - ბიზნესს ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. საზოგადოებამ არ მინდა ისე გაიგოს, თითქოს მიხარია, როდესაც ბიზნესი ფასების შემცირების შესაძლებლობას უარყოფს... მეც ვარ დაინტერესებული ფასების კლებით. პროდუქტებიც და მედიკამენტებიც აუცილებლად უნდა გაიაფდეს, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის, განსაკუთრებით კი მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილის ჯიბეზე აისახება. უბრალოდ, ჩემი მიზანია, საზოგადოებას დავანახო, რომ ეს კომისია მხოლოდ ბატონი ირაკლი კობახიძის მოწოდებით შექმნილი [ფორმალობაა], ჩვეულებრივი სანახაობა, რომელიც ხალხზე მზრუნველი პარტიის იმიჯის შექმნას ემსახურება“, - განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ აპრილის ბოლოსთვის, როდესაც „ფასების კომისია“ მუშაობას დაასრულებს და სასურსათო პროდუქციის გაიაფება ვერ მიიღწევა, „ქართული ოცნება“ თავს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო შექმნილი ვითარებით გაიმართლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები