მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასების კომისიის" დასკვნის მთავარი დასკვნა ისაა, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკა არ ესმის"|ინტერვიუ

 გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, „ფასების კომისიის“ დასკვნის მთავარი დასკვნა ისაა, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკა არ ესმის“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიის შემაჯამებელ დასკვნაში გაწერილი მიგნებები იყო. ფასების კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში პრიოდუქტების სიძვირის მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა. რეკომენდაციების ნაწილი შეეხება როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საკითხებს, ასევე ადგილობრივი კომპანიებისთვის საოპერაციო ხარჯების და პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის შემცირების მნიშვნელობას.

- საბოლოო ჯამში, რა მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ ფასების კომისიის შექმნით?

- „ფასების კომისიის“ დასკვნის მთავარი დასკვნა არის ის, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკა არ ესმის. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ამ დასკვნაში წერია, წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებებთან, რითაც დაიწყო „ნადირობა მაღალ ფასებზე“. ფაქტობრივად, ამ დასკვნამ თითქმის ყველა წინასწარი განცხადება, რაც ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, უარყო. შესაბამისად, ფასების კომისიამ თქვა - პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად, რომ ფაქტობრივად, ექვსი თვე დაუთმო იმას, რომ დაერწმუნებინა აღმასრულებელი ხელისუფლება ირაკლი კობახიძის მეთაურობით, თუ რამდენად შეცდომაში შემყვანი იყო მათი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბაზარი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზოგადად თუ ავიღებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, მან ფასებთან ბრძოლა ძალიან წააგო. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 1 მაისი არის „ოცნების“ ფასებთან წაგებული ბრძოლის დღე, თან იმ ბრძოლის, რომელიც ძალიან ომახიანად დაიწყო მმართველმა პარტიამ და 1 მაისს დაგვირგვინდა, ფაქტობრივად, კაპიტულაციით. ახლა რა ხდება ამის შემდეგ?! მე მგონი, უნდა შევეჩვიოთ, „ქართულ ოცნებას“ არ შევხედოთ როგორც რაღაც მონოლითურ ერთეულს, არამედ როგორც ჯგუფების ერთობლიობას, ხომ?! ამდენად, უპირველეს ყოვლისა, [ფასებთან ბრძოლა] წააგო ირაკლი კობახიძემ და წააგო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რომელსაც ის უდგას სათავეში...

- შეიძლება, წაგებული ბრძოლის გამო, ფასის გადახდა სწორედ ირაკლი კობახიძეს მოუწიოს?

- მაგ საკითხამდეც მივალ. მან დააანონსა ეს თემა და, ფაქტობრივად, პირობა დადო, რომ ფასები შემცირდებოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ბრძოლა უკვე წაგებულია - ის ნამდვილად დამარცხდა ამ პროცესში. მისი ბოლო განცხადებები ნახევარ კილო რბილ ხორცსა და კვერცხზე იმდენად უხერხული იყო, რომ ეს ჩემთვის ერთგვარი სიგნალი გახდა: თვითონაც ხვდება, რომ ეს ბრძოლა წააგო. ახლა კი, რაც შეეხება უშუალოდ „ფასების კომისიის“ მიერ მომზადებულ დასკვნას, ამ დასკვნაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ბოლო კვირები სიმპტომატური აღმოჩნდა, რადგან შევამჩნიე, რომ ფასების კომისიამ ირაკლი კობახიძისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დისტანცირება დაიწყო; გავიხსენოთ, რა ხდებოდა: თავდაპირველი ჩანაფიქრით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს ისეთი დასკვნა „შეუკვეთა“, რომლის საფუძველზეც ბაზარზე ხისტი ღონისძიებების გატარებას შეძლებდა...

- დიახ, მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ სწორედ „ფასების კომისია“ დადებდა რეკომენდაციების პაკეტს, როგორ შეიძლებოდა ფასების შემცირება... თუმცა ირაკლი კობახიძე პროდუქტებზე ფასების შემცირებას ელოდა კომისიის მუშაობის დასრულებამდეც...

- დიახ, ბაზარზე ინტერვენციისთვის მას [ირაკლი კობახიძეს] გარკვეული ლეგიტიმაცია სჭირდებოდა. ის ლეგალისტია და სჭირდებოდა საბუთი, რომელიც მის ქმედებებს გაამართლებდა. მან ეს დოკუმენტი კომისიას დაუკვეთა, თუმცა მიიღო დასკვნა, რომელიც მას კი არ ეხმარება, არამედ პირიქით - განაჩენს უთხრის მის თავდაპირველ განცხადებებს. იშვიათად ვამბობ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში კომისიამ პრინციპულობა და პროფესიონალიზმი გამოიჩინა. ამ დოკუმენტში ბევრი ისეთი მიგნება და რეკომენდაციაა, რომელსაც მეც და, დარწმუნებული ვარ, თქვენც უყოყმანოდ მოვაწერთ ხელს.

- თუმცა ამ დოკუმენტში ახალი ბევრი არაფერია. აღწერილია ის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები (შეიძლება არა სრულყოფილად), რომლებსაც ისედაც ხედავდა სექტორი - იქნება ეს საცალო ქსელი, სადისტრიბუციო ბიზნესი თუ სხვა...

- მართალი ხართ, ამ მიგნებებზე მე და თქვენ ადრეც გვისაუბრია. დრო რომ გვქონდეს, ვნახავდით, რომ თითქმის ყველა ეს რეკომენდაცია თქვენს ეთერში ჩემი ან ჩემი კოლეგების მხრიდან უკვე გაჟღერებული იყო. ამიტომ, აქ სიახლე მართლაც არაფერია. მთავარი ის არის, თუ რა „დაუკვეთა“ ხელისუფლებამ კომისიას და რა მიიღო დასკვნის სახით. მიიღო ის, რომ ყველაფერი, რასაც ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, მცდარი აღმოჩნდა. შესაბამისად, ახლა ზიანის მინიმიზაციის მცდელობას ვხედავთ. კომისიას ორი გზა ჰქონდა: ან აჰყოლოდა ამ აბსურდულ რიტორიკას, ან დაედო სტანდარტული, ადეკვატური დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა უკვე გართულდებოდა.

- თუმცა შესაძლოა, ეს სამთვიანი პროცესი ზუსტად ამ სცენარით იყო დაგეგმილი...

- კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, „ფასების კომისიის“ დოკუმენტის მთავარი დასკვნა ისაა, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკა არ ესმის და ეს დასკვნა მის მიმართ გამოტანილი განაჩენია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები