სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა.
პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც კომისიის თავმჯდომარედ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი აირჩიეს, ხოლო მის მოადგილედ – პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრი ეკა სეფაშვილი.
საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება დაამტკიცეს. დებულების თანახმად, კომისიის მიზანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, დროებითი კომისია მომავალი კვირიდან სამუშაო რეჟიმში გადავა. მისი თქმით, კომისია აღნიშნულ სექტორებს სრულყოფილად შეისწავლის, პარლამენტში მოიწვევს შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებს და განიხილავს არსებულ გამოწვევებსა და შესაძლო ნაბიჯებს კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება.
„კომისიის მიზანია სრულყოფილად შეისწავლოს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორები. მნიშვნელოვანია, რომ შესწავლის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და სექტორის ლიდერებისგან მოვისმინოთ თუ რა პრობლემები, გამოწვევებია და როგორ შეიძლება პროცესების ოპტიმიზაცია მოხდეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრების შედეგად, აღნიშნული კომისიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისია 14 წევრისგან შედგება. კომისიაში ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ არიან: შოთა ბერეკაშვილი, ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე და გელა სამხარაული.
კომისიაში სამი წევრით იქნება წარმოდგენილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ - გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე.
სამი წევრი ეყოლება პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკა სეფაშვილი. დროებით კომისიაში „ევროპელი სოციალისტებიდან“ ილია ინჯია შედის.
დროებითი საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.




























