სვანეთში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებლის, ეკატერინე გველესიანის განცხადებით, მათი შემოსავლები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 40%-მდე არის შემცირებული, რაც ფასების იძულებით კლებას და ტურისტული სეგმენტის ცვლილებას უკავშირდება.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი აქტიური და ტურისტებით დატვირთული იყო, ფინანსური მაჩვენებლები ამ დატვირთვას ვერ ასახავს, რადგან სასტუმროს მაღალი კონკურენციის პირობებში და ტურისტული სეგმენტის ცვლის გამო, ფასების 30-40%-ით კლება მოუწია.
ეკატერინე გველესიანის შეფასებით, სვანეთს უკვე იმ რაოდენობით ევროპელი ტურისტები აღარ სტუმრობენ, როგორც ადრე. მისი თქმით, მაღალ მხარჯველუნარიანი ევროპელი ვიზიტორების წილი წელს მხოლოდ 7-8%-ს შეადგენდა.
“ფასების შემცირების შესაბამისად შემოსავალიც 30-40%-ით შემცირებულია.
სვანეთში სულ უფრო ხშირად ჩამოდიან დაბალბიუჯეტიანი ტურისტები აზიის ქვეყნებიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან. ევროპელი ტურისტების მაჩვენებელი კი 7-8%-ია, 10%-ც არ არის. პრაქტიკულად ევროპელი ტურისტები სვანეთში აღარ ჩამოდიან.
ზოგადად ასე არის, როდესაც კურორტი დაბალ მხარჯველუნარიანი ტურისტების კურორტი ხდება, იქ მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები ნაკლებად ჩამოდიან და ამ სეგმენტის რაღაცნაირად ჩანაცვლება ხდება“, - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ წელს შიდა ტურიზმში ზრდა შეინიშნებოდა. უფრო კონკრეტულად, მისმა წილმა სვანეთში 20% შეადგინდა, რაც გასულ წელთან შედარებით მზარდი მაჩვენებელია. თუმცა გველესიანის თქმით, ადგილობრივი ტურისტი საშუალო გადახდისუნარიანობის სეგმენტს მიეკუთვნება და ვერ ანაცვლებს საერთაშორისო მაღალი ღირებულების ბაზრებს.
ეკატერინე გველესიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფასების ხელოვნურად დაწევა სვანეთის, როგორც პრემიუმ ტურისტული მიმართულების პოტენციალს სერიოზულად აზიანებს. მისი შეფასებით, რეგიონს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ისეთ ევროპულ კურორტებს, როგორიცაა შვეიცარია, თუმცა ამისთვის აუცილებელია ფასების გონივრული პოლიტიკა და ტურისტული ბაზრის სწორად მართვა.




























