სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი პოლიტიკურად მზად არის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიამდე ტრანზიტი განახორციელოს, ხოლო თურქეთამდე ეს მზაობა ტექნიკურ ნაწილშიც არის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მანვე აღნიშნა, რომ ტვირთების ტრანზიტისთვის რკინიგზა რეკონსტრუქციას საჭიროებს, თუმცა ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრება.
„აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით საქონლის ბრუნვაზე, რის შესახებაც პრეზიდენტმა ალიევმა გუშინ განაცხადა. მივესალმები ამ ინიციატივას. ეს თვეების წინ ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ყაზახეთიდან საქონელი საქართველოს გავლით შემოდიოდა. სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს აშშ-ს მთავრობასთან და მესამე მხარესთან იმისთვის, რომ ტრამპის მარშრუტი იქცეს რეალობად მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. უზრუნველყოფილი იყოს სომხეთის ტერიტორიაზე დაკავშირებადობის უნარის ზრდა.
შემიძლია გაზვიადების გარეშე დავადასტურო, რომ არამარტო პოლიტიკურად, არამედ ტექნიკურად მზად ვართ იმისთვის, რომ დღეიდან შეგვიძლია გავატაროთ ტვირთი სომხეთის გავლით თურქეთისკენ, სახმელეთო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა ამისთვის მზად არის. პოლიტიკურად მზად ვართ, უზრუნველვყოთ ტრანზიტი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიამდე და პირიქით სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით. ტექნიკურად, ინფრასტრუქტურის არქონის გამო, ჯერ კი მზად არ ვართ, მაგრამ პოლიტიკურად უკვე მზად ვართ უზრუნველვყოთ სარკინიგზო ტრანზიტი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან თურქეთიდან და აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან. რკინიგზა ამ ფრაგმენტებში რეკონსტრუქციას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ და გარწმუნებთ, რომ ეს ტექნიკური საკითხები ასევე მოგვარდება 2-3 წლის განმავლობაში და ელექტროენერგიის ქსელიც აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიაზე ნახიჩევანის გავლით გაიმართება. ეს საგზაო და ელექტრონული ინფრასტრუქტურა სამმხრივი პროექტის ფარგლებში განვითარდება, რომელიც უკვე დიალოგის საგნად იქცა“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ს ხელმძღვანელობით სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება რეგიონის განვითარებას და დაკავშირებადობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციონალურ დონეზე გადავიდეს და ეს შეთანხმება უფრო ხელშესახები გახდეს, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები განვითარდეს და გასწორდეს. ეს ვაშინგტონში იქნა ინიციირებული. ამის პარალელურად, გაიხსნება ყველა სატრანსპორტო მარშრუტი ერთი მეორეს მიყოლებით, რაც ჩვენს რეგიონს ისტორიულ ცვლილებას მოუტანს. მე რეგიონში სატრანსპორტო დერეფნებს შორის კონკურენციის შესახებ კომენტარებს გავეცანი, არ ვეთანხმები ამ კომენტარებს და მიმაჩნია, რომ ეს კონკურენტული მარშრუტები არ არის. ისინი ერთი მეორეს შემავსებელი მარშრუტებია, რაც სამხრეთ კავკასიის პოტენციალს კიდევ უფრო მეტად ზრდის.
ვაშინგტონში მიღებული დეკლარაციის მეოთხე პუნქტის საფუძველზე შავი ზღვის რკინიგზაც გაიხსნება და სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის არამხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს და აზერბაიჯანის მიმართულებითაც. ეს სამშვიდობო დიალოგი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარდა, ის პროექტია, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაამყარებს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის და სამხრეთ კავკასიას დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა ამ ქვეყნების ტერიტორიებზე გაიზრდება, განვითარდება და დაიტვირთება. იმასაც ვიტყვი, რომ ეს არ იქნება საკმარისი იმ საერთაშორისო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც უკვე აშკარაა. ეს ის ურთიერთობაა, რომელიც ჩვენ - საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ, იმისთვის რომ ჩვენს რეგიონს მუდმივი სტაბილურობა ჰქონდეს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.




























