სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანში დაკავებული გავლენიანი პოლიტიკოსისა და მილიარდერის, რუბენ ვარდანიანის ოჯახის თხოვნა არ გაითვალისწინა და პრეზიდენტ ტრამპს ალიევთან შუამავლობის მოთხოვნით არ მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარდანიანის ახლობლები მოლაპარაკებებს შტატებში სომხეთის ელჩთან აწარმოებდნენ და დახმარებას ტრამპს სთხოვდნენ. მედია წერს, რომ ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტამდეც მივიდა, თუმცა მან ფაშინიანის წერილობითი თხოვნის გარეშე შუამავლის როლის მორგებაზე უარი განაცხადა.
თავად ფაშინიანმა ტრამპის ჩართვაზე უარის მიზეზად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები დაასახელა. როგორც მან განაცხადა, ვარდანიანის გათავისუფლება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, თუმცა მესამე მხარის ჩართვა პროცესს გააჭიანურებს და შედეგის მიღწევას კიდევ უფრო გაართულებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის უმდიდრეს ადამიანის საქმეს ამჟამად აზერბაიჯანის სამხედრო სასამართლოში განიხილება. მილიარდერს და მასთან ერთად ბრალდებულ რამდენიმე პირს სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის ოცი მუხლის დარღვევაში ედავება. რუბენ ვარდანიანისადმი წაყენებულ ბრალდებებს შორის ვხედავთ, როგორც აგრესიული ომის დაწყებას, ასევე წამებას, ტერორიზმის ხელშეწყობას და სამხედრო წესების დარღვევას. ზოგიერთი ბრალდება 1992-1994 წლების ომთანაა დაკავშირებული.
რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტემბერში დააკავა, როცა მილიარდერი ყარაბაღის ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ვარდანიანი 2022 წელს დასახლდა, ანუ მეორე ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ. დაკავებამდე ოთხი თვით ადრე, მილიარდერი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. რუბენ ვარდანიანის ქონებას ამერიკული Forbes-ი $1.1 მილიარდად აფასებს.




























