წლის ბოლომდე Craft Grill and Beer კიდევ ერთ რესტორანს ხსნის. ამის შესახებ BM.GEს-თან კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დეა ცომაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, Craft Food ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებული და ჯანსაღი კონცეფციის პროდუქტს სთავაზობს. რაც მოიცავს, "კრაფტ ჰოთ-დოგს", "კრაფტ შაურმასა" და "კრაფტ ბურგერს".
რაც შეეხება Craft Grill and Beer-ს, ის Craft Food-ის ახალი რესტორანია, რომელიც იანვარში გაიხსნა და მომხმარებელს გრილზე შემწვარ კრაფტ ჰოთ-დოგებს, ამასთან ადგილობრივად წარმოებულ სოსისებსა და ღორის ნეკნის დაფებს სთავაზობს.
"იმისდა მიუხედავად, რომ ახალი გახსნილები ვართ, მომხმარებლის მხრიდან დიდი ინტერესი და მოთხოვნაა. პროდუქციის ფასი 4ლარი და 90 თეთრიდან იწყება და 130 ლარის დიაპაზონში მერყეობს. პროდუქციის რეალიზაცია, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინაც ხდება.
გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე Craft Grill and Beer-ის ახალი რესტორნის გახსნას ვგეგმავთ, რომლის საინვესტიციო თანხა ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოა, რომ ახალი ობიექტი საბურთალოს ან დიღმის ტერიტორიაზე განთავსდება,"-აცხადებს ცომაია.
მისივე ცნობით, ბრენდის შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო. ახალ ფილიალში კი, მომხმარებელს გარდა კრაფტ პროდუქციისა, კრაფტ ლუდის ფართო არჩევანის დაგემოვნებაც შეეძლებათ.