თბილისი, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი მეოთხედ გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც წინა სამ აუქციონზე სახელმწიფო ქონების 6 650 000 ლარად ყიდვით არავინ დაინტერესდა, ქონების ფასი 1 662 500 ლარით შემცირდა. 25 მარტს გამოცხადებულ აუქციონზე აქტივის საწყისი ღირებულება 4 987 500 ლარია. აუქციონი 8 აპრილს დასრულდება.
უძრავი ქონება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
ქონების საერთო ფართობი 3 694 კვადრატული მეტრია და შემდეგი აღწერილობა აქვს: 927.62 კვ.მ, 891.81 კვ.მ., 775.14 კვ.მ. და 793.78 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 305.90 კვ.მ. სარდაფი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ახალმა მფლობელმა, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის არანაკლებ 1 000 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ინვესტიცია ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 4 წლის ვადაში უნდა ჩადოს. სამუშაოები კი შესაძლოა მოიცავდეს, ქონების დემონტაჟს და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანას. ამ ვალდებულების შესრულებიდან მაქსიმუმ 6 თვეში კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით უძრავ ქონებაზე განთავსებული სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის, რომლის ფართი უნდა იყოს არანაკლებ 300 კვ.მ.) ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოს. დამატებით სახელშეკრულებო (არასაპრივატიზებო) პირობად განსაზღვრულია თავშესაფრის ფუნქციის მუდმივად შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ამ სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობით უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე 665 000 ლარია, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 5 000 ლარი.
თავდაპირველად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ აქტივის პრივატიზების მიზნით აუქციონი გასული წლის 23 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ქონების შეძენით არავინ დაინტერესდა და აუქციონი არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 12 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს, ასევე უშედეგოდ დასრულდა. მესამე აუქციონი კი 4 მარტს გამოცხადდა და 18 მარტს დასრულდა.