მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასის დაწევით მოვკლავთ ბიზნესს" - სასტუმრო პროექტების მენეჯერი სექტორში არსებულ პრობლემაზე

5e5cf2bf9d786
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.20 22:51
1431
„ჩემი მონაცემები ჯერჯერობით არ არის კრიტიკული“, - ასე აფასებს BM.GE-ისთან საუბრისას სასტუმრო „კრონ პალასსა“ და „ადამოს“ მმართველი სასტუმრო ბიზნესში შექმნილ მდგომარეობას.

სასტუმრო პროექტების მენეჯერმა მაია მახათაძე კორონავირუსის გამო თბილისში ჰოტელიერების მძიმე მდგომარეობას აანალიზებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გრძელვადიანი, უშუალოდ ზაფხულის სეზონის ჯავშნების გაუქმება ჯერ არ დაწყებულა.

„ჩემი მონაცემები ჯერჯერობით არ არის კრიტიკული, თუმცა კარგი ის არის ამ ყველაფერში, რომ არ არის გაუქმებული გრძელვადიანი ჯავშნები, თებერვალსა და მარტს ჰოტელიერები ისედაც დაბალ სეზონს ვეძახით“, - აცხადებს სასტუმრო პროექტების მენეჯერი.

მაია მახათაძე მიიჩნევს რომ შექმნილ მდგომარეობაში ბრალეულობა არავის მიუძღვის და კერძო სექტორის მხრიდან ფასების შემცირება არაეფექტური იქნება.

„ჰოტელიერების შეხვედრას ამ მდგომარეობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ახლა გვაინტერესებს როგორი სტრატეგია აქვს სახელმწიფოს, ჩვენ ერთმანეთთან შეხვედრით მხოლოდ ინფორმაციას გავცვლით, რამდენი ჯავშანი გაგვიუქმდა. ვფიქრობ, რომ ეს არ არის შარშანდელი მდგომარეობის გამეორება, შარშან იმიტომ შევიკრიბეთ ჰოტელიერები, რომ იქ დამნაშავე მხარე გვყავდა, ვინც არასწორი გათვლა გააკეთა და ამის გამო დაზარალდა კერძო სექტორი. წელს დამნაშავე მხარე არ გვყავს, ერთნაირად დაზარალებული ვართ კერძო სექტორიც და სახელმწიფოც, ამიტომ გვაინტერესებს სახელმწიფოსგან მოვისმინოთ ხომ არ აქვს რაიმე ტიპის სტრატეგია, ან ხომ არ გვირჩევს რაიმეს.

რაც შეეხება ფასების დაწევას, ხალხი იმეორებს შარშანდელი ივნისის რეცეპტს, რაც არ უნდა განმეორდეს, რადგან შარშან საქართველო დაზარალდა ყველაზე მეტად. რომ მიგვექცია ყურადღება, დავწიეთ ფასები, რადგან მსოფლიო ტურისტულად კვლავ აქტიური იყო, მაგრამ ახლა მოგზაური იმიტომ კი არ ჩამოვა შენთან რომ იაფია, საერთოდ არ წავა არსად და მორჩა. ამიტომ ფასს ავწევთ თუ დავწევთ, არ იქნება ეფექტური. არასწორი პოლიტიკა იქნება, იმიტომ რომ ეს არ არის საომარი ვითარება, რომ გრძელვადიანი ზარალი მივიღოთ. ეს არის ინფექციური ვირუსი, რომელსაც ვიცით, რომ მსოფლიო მედიცინა მოერევა. როგორც კი მსოფლიოში აიწევს ტურიზმის მაჩვენებელი, ისეთივე შედეგი ექნება საქართველოზეც. ფასის დაწევით მოვკლავთ ბიზნესს, იმიტომ რომ დაწეული ფასის გამო, ხარჯს ვეღარ გავუძლებთ და გავკოტრდებით“, - განმარტავს მაია მახათაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები