მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასმა არ უნდა იქონიოს გავლენა შესაძლო დეფიციტზე ან ხარისხის ცვლილებაზე" - ირაკლი მარგველაშვილი

ირაკლი მარგველაშვილი

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილის თქმით, "ფასების კომისიასთან" შეხვედრაზე ფარმაცევტული სექტორი და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ მედიკამენტებზე ფასების კლება, მათ შორის რეფერენტული რეგულაციის გაფართოების გზით, შესაძლებელია, თუმცა ფასწარმოქმნა სამართლიანი უნდა იყოს.

როგორც შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილმა მედიასთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ფასის ცვლილებამ გავლენა არ იქონიოს მედიკამენტების მარაგებსა და ხარისხზე.

"პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ იყოს სამართლიანი ფასი, ოღონდ სამართლიანი ფასი - ეს ნიშნავს, რომ ფასმა არ იქონიოს რაიმე ტიპი ზემოქმედება შესაძლო დეფიციტზე, ან მაგალითად, ხარისხის რაიმე ვარიაციაზე. უნდა იყოს ხარისხიანი პროდუქტი და ხელმისაწვდომი ფასი. ამ მიმართულებით პირველი, რაზეც ყველა შევთანხმდით არის, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამა უნდა გაგრძელდეს, ოღონდ უნდა გაფართოვდეს ძალიან ნელ-ნელა და ყურადღებით. რატომ? იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო დეფიციტი", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული 11 000-მდე რეგისტრირებული მედიკამენტიდან, რეფერენტული ფასი 7 000-ზე მეტზე უკვე ვრცელდება და არსებობს რესურსი, რომ კიდევ გაფართოვდეს.

მარგველაშვილმა ასევე განმარტა, რომ უკვე ზედაზღვარ დაწესებუ მედიკამენტეზე ფასების გადახედვა რეგულარულად ხდება და ყოველთვის არსებობს შანსი, რომ პროდუქტი მაინც გაძვირდეს ან გაიაფდეს.

"სწორად წარმოებული რეფერენტული ფასწარმოქმნა დეფიციტს არ წარმოშობს. საინტერესო მაგალითი და პრაქტიკა გვაქვს, რომ ჩვენი ასოციაციის არც ერთ წევრს, არც ერთ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიას, ქართული ბაზარი არ დაუტოვებია. შესაბამისად, ფასების კორექცია მოხდა როგორც მწარმოებლის, ასევე დისტრიბუტორების მხრიდან.

უკვე დაწესებული რეფერენტული ფასების გადახედვა სულ ხდება, რა თქმა უნდა. ეს მუშაობა სულ მიმდინარეობს. არსებული, ფიქსირებული მედიკამენტების ფასიც გარკვეული პერიოდულობით ყოველთვის გადაიხედება. გადახედვა ხდება რეგულარულად, ამიტომ შესაძლებელია რაღაცაზე ფასი დაიწიოს, შესაძლებელია რაღაცაზე ფასი გაიზარდოს. მაგრამ ეს ხდება გამომდინარე სხვადასხვა კომპონენტიდან: მომწოდებლის ფასი, რომელი ქვეყნიდან შემოვიდა და სხვა ასეთი მულტიკომპონენტური კატეგორიები", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, "ფასების სამთავრობო კომისია" ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ კომპანიები ფასების შემცირების შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბოლოს ირაკლი კობახიძემ საქართველოში პროდუქტების ფასებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები