"ფასს, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვადგენთ, ბაზარი გვკარნახობს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბაზარი განსაზღვრავს ფასს", - ამის შესახებ "მარნეულის სასურსათო ქარხნის" ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი მუსერიძე პარლამენტში "ფასების კომისიის" სხდომის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია კვების პროდუქტების მწარმოებლებს ხვდება.
კითხვაზე, ფასწარმოქმნის რეგულირებისას რამდენად აქვს კომპანიებს უპირატესობა საცალო გაყიდვების ქსელებთან შედარებით - რადგან მწარმოებელთა დიდმა ნაწილმა გასულ სხდომებზე სწორედ ე.წ. რითეილ სექტორთან ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის "ქეშბექებზე", ისაუბრეს - "მარნეულის" წარმომადგენელმა ქსელების უპირატესობაზე ისაუბრა.
"ზოგადად, საბაზრო ძალაუფლება ვისაც აქვს, ალბათ მას უფრო მეტი ძალა აქვს მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ საკმაოდ კომპლექსურია ეს საკითხი და ამიტომაც ვართ აქ, რომ ვისაუბროთ.
რაც შეეხება ფასების შემცირების რესურსს, ჩვენს შემთხვევაში იმპორტსაც ძალიან დიდი წილი აქვს და არ არის ისე, რომ ჩვენ ვადგენდეთ ფასს, თუნდაც ჩვენი თვითღირებულებიდან გამომდინარე", - ამბობს გიორგი მაისურაძე.




























