ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ფატიჰ ბიროლი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ მსოფლიო ენერგეტიკული კოლაფსის ზღვარზე დააყენა.
გამოცემა EL PAÍS-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მიწოდების მიმდინარე შემცირება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისები.
ბიროლის განმარტებით, თუ გასული საუკუნის შოკების დროს ბაზარმა დღეში 10 მილიონი ბარელი დაკარგა, დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 11 მილიონს აღწევს, რაც გლობალურ ეკონომიკას რეცესიის საფრთხის წინაშე აყენებს.
შეგახსენებთ, ნავთობის ფასი ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა და, საშუალოდ, $100-105 დოლარზე მერყეობს. ეს კი კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით 50%-ით მეტია. კრიზისის შესარბილებლად IEA-მ სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, თუმცა ამ უპრეცედენტო ინტერვენციამ ფასების ზრდა ვერ შეაჩერა. აქვე უნდა ითქვას, რომ კრიზისია ბუნებრივი აირის სექტორშიც, სადაც მიწოდების შეფერხება ორჯერ აღემატება 2022 წელს რუსული ექსპორტის ბლოკირებით გამოწვეულ ზარალს. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს კატარის რას ლაფანის ბუნებრივი აირის კომპლექსზე დრონების თავდასხმა, რომელმაც გლობალური მიწოდების 10%-ზე მეტი გათიშა.
შეგახსენებთ, ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიო ნავთობისა და გაზის მეხუთედი მოდის, მისი ჩაკეტვა კი პირდაპირ აისახება სასუქების წარმოებასა და სურსათის ფასებზე. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის პროგნოზით, ენერგობაზარზე მიწოდების დეფიციტი, შესაძლოა, 2027 წლამდე შენარჩუნდეს, რადგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას თვეები დასჭირდება.




























